რა პრინციპით შეარჩია ცესკომ “სმარტმატიკი“? - ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ “ოცნება“ რაღაცას მალავს

20.08.24 16:19
რა პრინციპით შეარჩია ცესკომ “სმარტმატიკი“? - ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ “ოცნება“ რაღაცას მალავს

რა პრინციპით შეარჩია ცესკომ კომპანია “სმარტმატიკი“? - კორუფციის მკვლევარებს ეჭვი აქვთ, რომ დიდ საერთაშორისო სკანდალში გახვეულ კომპანიასთან მოლაპარაკებები წინასწარ შედგა, კონკურსი კი ხალხის თვალის ახვევის მიზნით გამოცხადდა.

“კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრის, ბესიკ დონაძის მტკიცებით, “რაღაც აფერისტობასთან გვაქვს საქმე და “ოცნება“ როცა რამეს მალავს, ყოველთვის იწყებს შეფუთვას.“

დონაძის თქმით, ისინი არ ენდობიან არც “ოცნებას“ და არც იმ ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელობას, ვისგანაც აპარატურა შეიძინეს.

რეპუტაციაშელახული კომპანიაა, არ არსებობს ნდობა ამ კომპანიისადმი. ჩვენ აპარატურას კი ვენდობით, მაგრამ არ ვენდობით იმათ, ვინც ეს აპარატურა უნდა გამოიყენოს. ჩვენ არ ვენდობით “ოცნებას“  სამწუხაროდ, ამას დაემატა კომპანიის ხელმძღვანელობა, ვისგანაც შევიძინეთ. 59 მილიონი ლარია ამაში გადახდილი.

ცესკო, მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობას ატყუებდა, თითქოს, საერთაშორისო ტენდერი იყო გამოცხადებული, მაგრამ არ ყოფილა, ეს იყო ჩვეულებრივი კონსოლიდირებული ტენდერი, მცირე ხნით, “სმარტმატიკზე“ მორგებული, თუ უკვე მოლაპარაკებული იყო კომპანიასთან, ეს ტენდერი რაში დასჭირდათ, აქაც რაღაც აფერისტობაა. ოცნება ყოველთვის რაღაცას მალავს და  როცა დამალვა უნდა, იწყებს შეფუთვას. ვინც არჩევნებს ატარებს, ამ ხალხის მიმართაც ნდობა დაკარგულია, ამიტომ ნდობა ეკარგება არჩევნების შედეგებსაც“, - ამბობს დონაძე. 

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი კი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე მეტი ინფორმაციაა საჭირო და ნებისმიერი განცხადება უნდა იყოს საფუძვლიანი და შესაბამისად მტკიცებულებებზე დაფუძნებული, რათა არ მოხდეს ამომრჩევლების შეშინება.

უნდა დაველოდოთ, მეტი ინფორმაცია გახდეს ცნობილი. ოქტომბრის არჩევნებზე საჭიროა მოქალაქეების მაღალი მონაწილეობა, რათა დაზღვეული იქნას გაყალბების ის კომპლექსური პროცესი, რომელსაც ახლა ხელისუფლება აწარმოებს. ნებისმიერი განცხადება ამ საკითხზე უნდა იყოს საფუძვლიანი და შესაბამისად მტკიცებულებებზე დაფუძნებული, სხვაგვარად უბრალოდ მოხდება ამომრჩევლის შეშინება, რაც მხოლოდ “ოცნების“ ინტერესშია“, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

კომპანია, რომლის დახმარებითაც, ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნები ელექტრონული წესით უნდა ჩატარდეს, დიდ სკანდალშია გახვეული. ირკვევა, რომ ფილიპინებში ჩატარებული არჩევნების გამო, “სმარტმატიკის“ წარმომადგენლებს ქრთამის აღებასა დ ფულის გათეთრებას ამერიკაში ედავებიან.