“რუსული კანონის აღმასრულებლების ამოცანაა, ქვეყანაში კრიმინალური რეჟიმის შენარჩუნება“- ფარულავა
"რუსული კანონის აღმასრულებლებად ივანიშვილის მიერ დანიშნული ადამიანების ამოცანაა ქვეყანაში კრიმინალური რეჟიმის შენარჩუნება და ამისთვის მზად არიან, განადგურონ ნებისმიერი დემოკრატიული წარმონაქმნი", - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი დაამარცხებენ ამ “კრიმინალურ ბანდას“, საქართველო წინსვლას გააგრძელებს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა, რუსთაველის გამზირზე პირდაპირ განაცხადა, რომ "რუსული კანონის" რეინიცირებას მოახდენდა, რომელიც შეაფერხებდა ევროინტეგრაციას, ევროკავშირთან მოლაპარაკებებს. და ცხადია, კანდიდატები, რომლებიც მან შემოგვთავაზა ამ კანონის აღმასრულებლებად, არაფერს გვეუბნება, რადგან ლეგიონია მათი სახელი და ამ ადამიანების ამოცანაა ქვეყანაში კრიმინალური რეჟიმის შენარჩუნება და ამისთვის მზად არიან, განადგურონ ნებისმიერი დემოკრატიული წარმონაქმნი, არასამთავრობო ორგანიზაცია, NGO სექტორი. მაგრამ ჩვენ ერთიანობით დავამარცხებთ ამ კრიმინალურ ბანდას და ცხადია, საქართველო წინსვლას გააგრძელებს, ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - განაცხადა ლაშა ფარულავამ საჯარო რეესტრში ახალი, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი ივლისში შეიქმნა. რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს.