“სინამდვილეში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს“ - გია ჯაფარიძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გია ჯაფარიძე Human Rights Watch-ის სტატიას ეხმიანება და აცხადებს, რომ მასზე თავდასხმის ფაქტზე არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს და შესაბამისად, დაკავებულიც არავინაა.
ჯაფარიძის თქმით, ის ყოველ კვირა უკავშირდება გამომძიებელს, თუმცა მისგან ადეკვატური პასუხი არ აქვს.
არცერთ შემთხვევაში არავინ დაკავებული არ არის, მეტიც, სინამდვილეში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში. ამდენი თვე გავიდა, წაღებული აქვთ მთლიანი სისტემა, “სისითივი“ და არ მაჩვენებენ. წაღებული აქვთ ასევე ჩემი ტანსაცმელი, ყოველ კვირა ვუკავშირდები გამომძიებელს და პასუხი არის ერთიდაიგივე - “ექსპერტიზის ბიუროშია“ და იქიდან არ აქვთ პასუხი“, - ამბობს გია ჯაფარიძე.
ე.წ. ტიტუშეკების მიერ სამოქალაქო აქტივისტების დაბრბევაზე, ცემასა და თავდასხმაზე რამდენიმე საათის წინ Human Rights Watch-მა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტის პირველივე აბზაცში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერაც არ უჩვენებია, რომ ისინი ეფექტიანად იძიებენ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე.
ანგარიშში ექვსი საქმეა გაანალიზებული. მთავარი და საერთო პრობლემა კვლავაც ისაა, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ეს საქმეები.