“ეს იქნება მანამ, სანამ ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს არ შევცვლით“- ხაბეიშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშზე

20.08.24 18:50
“ეს იქნება მანამ, სანამ ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს არ შევცვლით“- ხაბეიშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშზე

„რუსული კანონის გამპროტესტებელ ადამიანებს სცემეს საკუთარ სახლებში, სადარბაზოებში, არსებობს კამერის ჩანაწერები, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არის ნული და ეს იქნება მანამ, სანამ არ შევცვლით ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს“ - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ,  ლევან ხაბეიშვილმა Human Rights Watch-ის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, “ეს ყველაფერი გვაძლევს დიქტატურულ მმართველობას, რომელიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა“.

ხელისუფლებას როდესაც არ შეუძლია მოქალაქეზე ზრუნვა, არ შეუძლია იმ პრობლემების მოგვარება რომლებიც  აქვს ხალხს ყოველდღიურ რეჟიმში - გაძვირებული ფასები, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, ცხადია ის გადადის ძალადობაზე, მათ შორის ე.წ. სამართალდამცავების ხელით და ჩვენ ვნახეთ რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული ახალგაზრდები და მათ შორის დაშავებული ადამიანები, რომლებსაც პირდაპირ ეთერში უსწორდებოდნენ ე.წ. სპეცრაზმელები.

ეს ადამიანები არ იყვნენ სპეცრაზმელები, ესენი იყვნენ ხარებას ბანდფორმირება, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის მხრიდან იღებს დავალებებს და ყველა ადამიანი, ვინც წინააღმდეგია ხელისუფლების, ვისაც სურს ევროპული ცხოვრება, ვისაც უნდა მშვიდი ცხოვრება, ვისაც უნდა უსაფრთხო გარემო და აპროტესტებს ჭაობში ყოფნას, გაჭირვებას, რუსულ კანონს, შესაბამისად ამ ადამიანებს უსწორდებიან ფიზიკურად და თქვენ ნახეთ ათეულობით დაზარალებული ადამიანი, რომლებსაც სცემეს ტელეკამერების, ოჯახის წევრების თანდასწრებით. სცემეს სახლებში, სადარბაზოებში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ რეაგირება არის ნული და უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეაგირება არ იქნება მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება. არ იქნება არც გაჭირვებაზე რეაგირება და არც ასეთი საქმეების გამოძიება არ მოხდება.

ეს ყველაფერი ერთ დიდ სურათში გვაძლევს დიქტატურულ მმართველობას, რომელიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ე.წ. ტიტუშეკების მიერ სამოქალაქო აქტივისტების დაბრბევაზე, ცემასა და თავდასხმაზე რამდენიმე საათის წინ Human Rights Watch-მა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის პირველივე აბზაცში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერაც არ უჩვენებია, რომ ისინი ეფექტიანად იძიებენ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე.

ანგარიშში ექვსი საქმეა გაანალიზებული. მთავარი და საერთო პრობლემა კვლავაც ისაა, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ეს საქმეები.