“შურისძიებები უნდა ჩავაბაროთ წარსულს, შევრიგდეთ, შევთანხმდეთ, საერთო ეროვნული მიზნისთვის“ - ვაშაძე

20.08.24 21:57
“შურისძიებები უნდა ჩავაბაროთ წარსულს, შევრიგდეთ, შევთანხმდეთ, საერთო ეროვნული მიზნისთვის“ - ვაშაძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პრემიერად მხარს დაუჭერს იმ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რეალურ გეგმებს განახორციელებს.

ვაშაძის მტკიცებით, “ერთიანობის“ კოალიციური მმართველობა ნიშნავს შეჯიბრს, ვინ უფრო კარგია საქმის კეთებაში და არა მმართველობის მონოპოლიზებაში.

მე ვისაც უნდა დავუჭერ მხარს პრემიერად, თუ დავინახავ რომ იმ გეგმების განხორციელება მოხდება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, 14 მილიარდიანი ევროკავშირის ფონდის მოტანა, რომელიც სოფლებს ფეხზე დადგეს. ერთიანობის კოალიციური მმართველობა ნიშნავს შეჯიბრს, ვინ უფრო კარგია საქმის კეთებაში და არა მმართველობის მონოპოლიზებაში, როგორიც ახლა აქვს “ოცნებას“  და ყოველდღე აფუჭებს საქმეს. ანგრევს ყველაფერს- ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაცია ამიტომ კონკურენცია იყოს საქმის კეთებაში“, - ამბობს ვაშაძე.

ის სამუშაო ადგილების შექმნის აცუილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის ერთადერთი გზა, ემიგრანტების დაბრუნების.

იმ დონის სამუშაო ადგილებს შევქმნით, ეს კვალიფიური ძალაა ემიგრაცია, დაბრუნდებიან და საკუთარ ქვეყანაში დაიწყებენ მუშაობას.

გამზადებული გეგმები გვაქვს ამ ყველაფერზე. არჩევნებში სწორედ ამიტომ უნდა დაგვჭირონ მხარი, ჩვენ ვიცით, როგორ დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე, შევქმნათ სამუშაო ადგილები, მოვიზიდოთ ევროპული ინვესტიციები და ერთხელ და სამუდამოდ, ეს შურისძიებები უნდა ჩავაბაროთ წარსულს, შევრიგდეთ, შევთანხმდეთ, რომ საერთო ეროვნული მიზანი გვქონდეს“,- ამბობს ის და დასძენს, რომ  “საქართველოს მაჩვენებლი ის კი არ უნდა იყოს, რომ ერთმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლება ციხეში ჩასვა,“ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს და აღარ იყოს ანგარიშსწორებები.“