"ოცნების" მმართველობის სტილი რუსულია, რადგან ივანიშვილმა სხვა არც იცის - ხაბეიშვილი

21.08.24 11:39
"ოცნების" მმართველობის სტილი რუსულია, რადგან ივანიშვილმა სხვა არც იცის - ხაბეიშვილი

"ყველაფერი ეს და მმართველობის სტილი რუსულია, რადგან ივანიშვილმა სხვა არც იცის" - ასე ეხმაურება "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. 

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ერთადერთი ვინც 26 ოქტომბერს "ძალადობასა და უსაქმურობას აკრძალავს", ქართველი ხალხია. 

ჩემი აზრით, თუ ვინმე ვინმეს "აკრძალავს", იქნება ქართველი ხალხი, რომელიც 26 ოქტომბერს აკრძალავს იმ ძალადობასა და უსაქმურობას, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ეს ხალხი სჩადის. ცხადია, ეს ყველაფერი და ფორმა მმართველობის სტილის არის რუსული, რადგან ბიძინა ივანიშვილმა სხვა არც იცის, არც უნახავს და არც აინტერესებს. მას ჰგონია, რომ თუ დაჩაგრავს ადამიანებს, ძალაუფლებას შემოიმტკიცებს, თუმცა უნდა ესმოდეს, რომ ძალა ხალხშია და მიუხედავად იმისა, მას ეს სურს, თუ არ სურს, 26 ოქტომბერს მას ქართველი ხალხი პასუხს გასცემს", - ამბობს ხაბეიშვილი. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება 20 აგვისტოს გაავრცელა. არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".