ცუცქირიძე: "ქართული ოცნება" ჯიუტად ადგას ქვეყანაში დიქტატურის დამყარების გზას

21.08.24 12:06
ცუცქირიძე: "ქართული ოცნება" ჯიუტად ადგას ქვეყანაში დიქტატურის დამყარების გზას

"სამწუხაროა, რომ "ოცნება" ჯიუტად ადგას ქვეყანაში დიქტატურის დამყარების გზას" - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე ივანიშვილის გუნდის მიერ სამართლებრივი რეპრესიების დაანონსებას და აცხადებს, რომ "ოცნება" ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის ჩამოსაყალიბებლად საზოგადოებას მანდატს სთხოვს.

ლევან ცუცქირიძე საგანგებო ბრიფინგზე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება "რუსული კანონების მიღებით ქვეყანაში დემოკრატიის მოკვლას, თავისუფალი სიტყვისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს". 

ამასთან, კოალიციის ლიდერმა სამოქალაქო საზოგადოებას სოლიდარობა გამოუცხადა და ხაზი გაუსვა, რომ "ძლიერი საქართველო" პარლამენტში ხალხის ინტერესს ყოველთვის დაიცავს. 

სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ჯიუტად ადგას ქვეყანაში დიქტატურის დამყარების გზას. ისინი ამას უკვე საჯარო განცხადებებშიც აღარ მალავენ და საზოგადოებას სთხოვენ მანდატს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის ჩამოსაყალიბებლად. ამის ნაწილია ე.წ. „რუსული კანონის“ განხორციელებისთვის დაუღალავი შრომა. ასევე, როგორც ვნახეთ, მათ დანიშნეს ადამიანები, რომლებმაც ეს კანონი უნდა აღასრულონ. ჩემთვის გაუგებარიც არის ახალგაზრდა ადამიანმა რომ უნდა იტვირთო ასეთი როლი ქვეყანაში, მაგრამ რას ვიზამთ. ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობდეს ქვეყანა დაუახლოვდეს ევროკავშირს, ცდილობდეს ქვეყანაში გააღრმაოს და განავითაროს დემოკრატია, რაც მათი დიდი დაპირება იყო, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდნენ, ახლა ისინი ცდილობენ რუსული კანონებით მოკლან საქართველოში დემოკრატია, გაანადგურონ თავისუფალი სიტყვა და გააუქმონ სამოქალაქო საზოგადოება. მინდა ვთქვა, რომ ამ კანონს დიდი ხანი არ უწერია ცხოვრება. მას შემდეგ, რაც ჩვენ ოქტომბერში შევცვლით ხელისუფლებას, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და პირველი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ეს იქნება რუსული კანონის და მასთან დაკავშირებული სხვა რუსული კანონმდებლობის ქვეყანაში გაუქმება“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება 20 აგვისტოს გაავრცელა. არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".