"ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია" - მოსამართლის პასუხი "ოცნებას"

21.08.24 13:01
"ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია" - მოსამართლის პასუხი "ოცნებას"

მოსამართლე ეკა არეშიძე, რომელიც გუშინ "ოცნების" სამიზნე გახდა, მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს განცხადებას პასუხობს. 

არეშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია" .

ვეხმაურები გავრცელებული განცხადების მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთს, რომელიც უშუალოდ მე შემეხო. თავის მართლება იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რაც აღნიშულ განცხადებაში გაჟღედა უბრალოდ დამამცირებელი და ღირსების შემლახავია. მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლები. 
შეგახსენებთ:
1. საქართველოს კონსტიტუცია   მუხლი 63. 
მოსამართლე
მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.
2. აღნიშნულ საქმეზე, 6 წლის წინ, სპეციალურად შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულია შესაბამისი დასკვნა.
3. სასამართლო არ არის ვალდებული გაიზიაროს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება ან დაცვის მხარის პოზიცია.
4. სასამართლოს განაჩენი ყველასთვის გასაგები და მისაღები ვერ იქნება.
3. უსამართლობის განცდა იწვევს საზოგადოების აღშფოთებას.
4. ორი უდანაშაულო არასრულწლოვნის მკვლელობის თემით სპეკულირება, ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერ დროს, უზნეობაა!
P.S. ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია", - წერს აროშიძე.

ცნობისთის, მმართველი პარტიის მიერ გუშინ, 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნახსენებია 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, რომელსაც საპროტესტო აქციები და მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროცესები მოჰყვა, მათ შორის, მაშინდელი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა. 

„ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ეკა არეშიძემ გამოიტანა საეჭვო გადაწყვეტილება, რამაც „რევოლუციური პროცესები“ განაპირობა.

მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ „მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია”.

  • ეკა არეშიძე ერთ-ერთია იმ 5 მოსამართლეს შორის, რომელმაც 2022 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში შეტანილი ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები