ადამიანების შიმშილის ფონზე, ახალ-ახალი მილიონიანი მანქანებით მარიაჟობა, უხერხულობას უნდა გიქმნიდეს - ნადირაძე კალაძეს
"როცა იმ ქალაქის მერი ხარ, სადაც უამრავი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი შიმშილობს და უფასო სასადილოს რიგში დგას, ახალ-ახალი მილიონიანი მანქანებით და ძვირადღირებული საათებით მარიაჟობა, მინიმუმ, უხერხულობას უნდა გიქმნიდეს" - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძის თქმით, კალაძეს და "ოცნების" სხვა მაღალჩინოსნებს მოსახლეობის გაჭირვება არ ადარდებთ.
კახი კალაძეს ავიწყდება, რომ ის წარმოადგენს იმ ქალაქის მერს, სადაც უამრავი გაჭირვებული და სოც.დაუცველი ადამიანია, სადაც ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე ყოველდღიურად დგას უფასო სასადილოების რიგში, რადგან ადამიანები, მათ შორის ბავშვები, უბრალოდ, შიმშილობენ; სადაც პენსიონერებს გაძვირებული ცხოვრების გამო, ელემენტარული წნევის წამალი ვერ უყიდიათ და იხრჩობიან საპენსიო სესხებში. ის წარმოადგენს იმ ქალაქის მერს, სადაც უამრავი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემაა და ამ დროს, იმარიაჟო ახალ-ახალი მილიონიანი მანქანებით და ძვირადღირებული საათებით, მით უმეტეს, როდესაც არაერთ კორუფციულ სკანდალში ხარ მხილებული, ეს, მინიმუმ, უხერხულობას უნდა გიქმნიდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ არც კალაძეს და არც " ქართული ოცნების" სხვა მაღალჩინოსნებს არ ადარდებთ ჩვენი მოსახლეობის გაჭირვება, გაძვირებული ცხოვრება და ის უამრავი პრობლემა, რის გამო ადამიანები გარბიან საზღვარგარეთ და უწევთ საკუთარი ოჯახების დატოვება. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს, ყველამ ერთიად, ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ეს კორუმპირებული ხელისუფლება, რომლის ერთადერთი საზრუნავი არა ხალხის კეთილდღეობა და მათი პრობლემების მოგვარება, არამედ საკუთარ მილიონებზე მილიონების დამატება და ხალხის ხარჯზე გამდიდრებაა", - აცხადებს თბილისის საკრებულოში ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ძვირადღირებული მანქანის საჭესთან პოზირებს. მერის ქონებრივ დეკლარაციაში ეს ავტომანქანა შეტანილი არ არის.