ქობულეთის მერია ქმედუუნაროა, ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების აღკვეთას - კომახიძე

21.08.24 14:01
ქობულეთის მერია ქმედუუნაროა, ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების აღკვეთას - კომახიძე

"აუდიტის 2023 წლის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ქობულეთის მერია ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების აღკვეთას, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მერია სრულიად ქმედუუნაროა" - ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლაშა კომახიძე საუბრობს.

მისი თქმით, მიუხედავად ამ მოცემულობისა, მერის ხელფასი კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს ის 6 000 ლარზე მეტს შეადგენს.

ივანიშვილის პარტია ის პარტიაა, რომელიც აკანონებს ყველგვარ უმსგავსობასა და უკანონობას ჩვენს ქვეყანაში და გამონაკლისი არც ჩვენი, ქონულეთის მუნიციპალიტეტია, სადაც ყველა მიმართულებით შეხვდებით უკანონო მშენებლობებს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით რესტორან "კარაღანასთან", რომლის მფლობელი გახლავთ "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველი. სწორედ ამიტომ მიეცა მას უკანონო მშენებლობის ნებართვა. კერძოდ, ჩემს უკან არსებული რკინა-ბეტონის ნაგებობის ნაცვლად, აქ უნდა ყოფილიყო რკინის დროებითი კონსტრუქცია, რომელიც იქნებოდა მხოლოდ ერთ სეზონზე. ამის ნაცვლად, თქვენ ხედავთ, რომ სდამუდამო რკინა-ბეტონის ნაგებობაა, რაც იმას ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები შეკრული არიან "ქართულ ოცნებასთან", პირადად ლევან ზოიძესთან და ე.წ. ატკატების მეშვეობით ღებულობენ იმ ბენეფიტებს, რასაც ღებულობენ. ზოგადად, ქობულეთში უკანონო მშენებლობების საკითხი ახალი არ არის, მათ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. 

ამავდროულად, მინდა გამოვეხმაურო ქობულეთის მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს. საუბარია მერის პირველი მოადგილის გათავისუფლებაზე და მის ნაცვლად ახალი კადრის მოყვანაზე. მე სწორედ ბატონ ირაკლის მინდა მივმართო, რომელიც თორნიკე რიჟვაძის მიერ თანამდებობაზე სწორედ იმ დაპირებით დაინიშნა, რომ უკანონობას მიხედავდა - მაინტერესებს, რა შეიცვალა მისი მოსვლიდან ამ დრომდე? ამავე დროს, ჩემს მიერ ზემოთ ნათქვამს ადასტურებს აუდიტის 2023 წლის დასკვნიდან ამონაწერი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მერია ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების აღკვეთის ღონისძიებების ჩატარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მერია სრულიად ქმედუუნაროა, მაგრამ ამის მიუხედავად, მერის ხელფასი კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს ის შეადგენს 6.000 ლარზე მეტს, მაშინ როცა მერს არ გააჩნია იმის ელემენტარული შნო, რომ აღკვეთოს უკანონობა მისსავე ქალაქში", - აცხადებს ლაშა კომახიძე.