ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ველიდან ოპოზიციის გაქრობას აანონსებს

21.08.24 20:20
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ველიდან ოპოზიციის გაქრობას აანონსებს

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ველიდან ოპოზიციის გაქრობას აანონსებს - საქართველოს ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დარჩენის საშუალება არ უნდა მიეცეს".

26 ოქტომბერს, ისევ ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით თქვენთან ერთად, ჩვენს ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და აღარასოდეს აღარ უნდა მივცეთ ხალხის მჩაგვრელ ბოროტ ძალას  ხელმეორედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის განადგურების უფლება!

სამწუხაროდ, დღეს, ისევ ეს ანტიეროვნული აგენტურა აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და გავიმეორებ, რაც ბევრჯერ თქმულა, რომ ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება აღარ უნდა მივცეთ!

26 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის! აირჩევს კოლექტიურ ომის პარტიას ან მშვიდობის პარტიას, აირჩევს ან უცხო ძალების მსახურ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველ, ძირძველი ტერიტორიების და მიწა-წყლის გამყიდველ ძალას, ან აირჩევს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურ, მშვიდობიან განვითარებაზე მზრუნველ ძალას!

ისტორია გვასწავლის ბევრ მაგალითს, რომ ზოგჯერ ხალხი, უკეთესის ძიებაში ირჩევს უარესს, ამიტომ ჩვენ გვმართებს სიფრთხილე და გონიერება! დღეს ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ ჰყავს, ვინაიდან იგი წარმოადგენს ერთადერთ, პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი!

2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ყველა არჩევნებში და ისევ ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი, - განაცხადა ღარიბაშვილმა.