ივანიშვილი ოპოზიციის გასამართლებას აანონსებს
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტი პარტიების პასუხისგებაში მიცემას აანონსებს - ქართველი ოლიგარქი იმუქრება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წინა ხელისუფლება აუცილებლად გასამართლდება.
"წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც ენმ, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება" - იმუქრება ივანიშვილი და ირწმუნება, რომ "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქვეყნისთვის "მძიმე სენის მოსაშორებლად" სჭირდება.
ამ არჩევნებზე, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება იყოს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის.
გუშინ ჩვენი გუნდის სახელით გავრცელდა ვრცელი განცხადება იმის შესახებ, თუ რისთვის გვესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩვენი პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ მინდა თქვენს წინაშე განვმარტო:
პირველ რიგში: საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე ორი ათწლეულია არ ასვენებს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს", - ამბობს ივანიშვილი.