პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია- მამუკა მდინარაძე

21.08.24 21:12
პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია- მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია.

მდინარაძე ყველა გარე აქტორს მოუწოდებს, “პატივი სცენ და ითანამშრომლონ იმათთან, ვისაც ქართველი ხალხი ირჩევს“.

მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია. ბევრი რამ შეიძლება დათმოს ქართველმა კაცმა თუ ქალმა, გარდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა. ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ პატივი სცენ და საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ, პატივცემულო მეგობრებო და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ.

ადამიანი, რომელიც თავის სამშობლოს ყიდის, მის პატრონსაც გაყიდის და პირველივე შესაძლებლობისთანავე გააკეთებს ამას. დაქირავებულ აგენტს, პრინციპული მეგობარი რა თქმა უნდა, ჯობია - ეს უნდა დაგვიჯერონ და ამაზე მეტს აღარ გავაგრძელებ.

ჩვენს ამომრჩეველს კი, მოვუწოდებთ, რომ მოგვცენ გაცილებით მაღალი, ანუ საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია, მეტი დამოუკიდებლობის, მეტი სიამაყის, მეტად გარანტირებული მშვიდობის, მეტი კეთილდღეობის, ეროვნული ღირსების და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისათვის, იმისათვის, რომ ერთიან საქართველოში, ასობით თაობის შემდეგაც კი, ქართველს, აფხაზს, ოსს და ა.შ. - ჩვენი ქვეყნის ყველა შვილს, იგივე მრწამსი, მენტალობა და შეხედულებები ჰქონდეს. ამის განმტკიცებას და ჩადუღაბებას გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივი უმრავლესობაა.

მოდი, შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით საერთო ქართული ოცნების ახდენაში. ფაქტია, რომ ამ ქვეყანას ქართული ოცნების ასრულებისათვის, დასჭირდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ევროპული ოჯახის წევრობის და სიამაყისათვის და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ყველაზე მთავარი - ქართველი ხალხი და სიმართლე ჩვენს მხარესაა!

მე დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს, ჩვენ, ყველას ერთად, მტკიცედ გვჯერა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერი კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვების თარიღი იქნება!“, - აღნიშნა მდინარაძემ.