რატომ მიმართა ივანიშვილმა საზოგადოებას “ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან“? - რას ამბობს პრემიერი

21.08.24 21:50
რატომ მიმართა ივანიშვილმა საზოგადოებას “ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან“? - რას ამბობს პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ლოგიკურად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის მიმართ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიღებას.

პრემიერის მტკიცებით, “კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ყველაფერზეა წამსვლელი და ამიტომ, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიღება შემდეგ შეხვედრებზეც მოხდება.

თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები. იცით, რომ მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არის მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე იცით, რა ხდება მსოფლიოში და იცით ასევე ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი, შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელსაც მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური. ამ ქვეყანაში სწორედ ბიძინა ივანიშვილია მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი და რისკებიც, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში არის სწორედ მასთან დაკავშირებული. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია უსაფრთხოების ზომების ის ფორმა, რომელიც დღეს იქნა მიღებული. თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში - ეს ერთი და იცით, ასევე, რომ დღევანდელი ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ყველაფერზეა წამსვლელი. წელიწადში 140 ადამიანს კლავდნენ ციხეებში, მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, ჩალის ფასი აქვს მათთვის ადამიანის სიცოცხლეს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს და შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების ზომები, - განაცხადა კობახიძემ.

ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა - მცხეთაში "ქართული ოცნების"  პარტიულ ღონისძიებაზე "პირველების" ყურადღება სცენაზე დამონტაჟებულმა ორმა ტრიბუნამ მიიქცია. 

ერთ ტრიბუნასთან სიტყვით "ოცნების" ყველა ლიდერი გამოვიდა, მეორე ტრიბუნასთან კი, რომელიც "ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" იყო მოქცეული, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა სიტყვით. 

ბიძინა ივანიშვილს მისივე თანაგუნდელებთან და ხალხთან დაჯავშნილი მინები ჰყოფდა. 2012 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხთან შეხვედრის დროს ივანიშვილმა "ტყვიაგაუმტარი აკვარიუმი" გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები