ყველა ჩვენგანის ვალია, ემიგრაციაში წასული ჩვენი თანატოლები 26 ოქტომბრის შემდეგ დავაბრუნოთ - ნარმანია
"ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი 26 ოქტომბრის შემდეგ დავაბრუნოთ" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ გააკეთა.
ნარმანიას თქმით, არჩევნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან და ახალ გუნდთან ერთად ახალი ბათუმი, ახალი აჭარა და ახალი საქართველო აშენდება.
ბათუმში, საკრუიზო პორტ "როიალ კარიბიანის" პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე იგორ ნარმანიამ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ უამრავი სასარგებლო პროექტი შეაჩერა. იგორ ნარმანიას თქმით: "როდესაც ჩამოვდივართ ბათუმში, ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის, ლევან ვარშალომიძისა და ნაციონალური მოძრაობის გუნდის ერთიანი ძალისხმევის შედეგებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა. შეაჩერა უამრავი პროექტი, მათ შორის, "როიალ კარიბიანი", ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც უნდა ესწავლათ სტუდენტებს. და დღეს ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი, რომლებსაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, განათლების მისაღებად ემიგრაციაში მოუწიათ წასვლა, 26 ოქტომბრის შემდეგ, ერთიანი ძალისხმევით, დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში და ერთად ავაშენოთ ახალი ბათუმი, ახალი აჭარა - ახალ გუნდთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ლევან ვარშალომიძესთან ერთად", - განაცხადა ,,ერთიანობა”-,,ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ იგორ ნარმანიამ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.