რომ არა ბიძინა ივანიშვილი, წარმოდგენაც არ მინდა, სად იქნებოდა საქართველო - კობახიძე
"რომ არა ბიძინა ივანიშვილი, წარმოდგენაც არ მინდა, სად იქნებოდა საქართველო" - ამის შესახებ განცხადება პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ამბროლაურში, ხალხთან შეხვედრის დროს გააკეთა.
რუსული კანონის მიმღებმა პრემიერმა სტრატეგიული პარტნიორები ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ რომ გარკვეული ძალები საქართველოში ისეთი კულტურის დათესვას ცდილობენ, რაც ქვეყნის ღირებულებებს არ შეესაბამება.
თქვენ იცით, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ იმგვარი რამ, რაც თვისებრივად არ მიესადაგება ქართულ კულტურას - ეს არის საყოველთაო სიძულვილი, ეს არის მოჭარბებული აგრესია, ეს არის ე.წ. პოლარიზაცია, რომელიც მთლიანად გარედან არის ხელოვნურად თავს მოხვეული, მაგრამ მერე აქეთ გვსაყვედურობენ...
ვერც ამ შემთხვევაში გავუშვებ ხელიდან შესაძლებლობას და უდიდეს მადლობას გადავუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ გარდატეხის სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი იყო. რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ სად იქნებოდა დღეს საქართველო. საქართველო დღეს იქნებოდა იმაზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს იმყოფება ჩვენი მეგობარი ქვეყანა - უკრაინა.
ჩვენ არ დავემორჩილეთ კოორდინირებულ უმძიმეს ზეწოლას მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, არ დავემორჩილეთ მოთხოვნას სანქციებთან მიერთებისა და მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას ეკონომიკურ კატასტროფას და ომს მოუტანდა, და უდიდესი რისკის ფასად, ქვეყანას მშვიდობა შევუნარჩუნეთ. ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომლის თანადგომის გარეშე, ამ მასშტაბის ზეწოლას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავუძლებდით. დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამისათვის.
26 ოქტომბერს ტარდება ზუსტად ისეთივე მნიშვნელობის მქონე რეფერენდუმი, როგორიც 2012 წელს ჩატარდა. ეს არის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, აგენტურის მმართველობასა და დემოკრატიული საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას შორის, მკრეხელობის პროპაგანდასა და მორალურ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. ამ ვითარებაში დამეთანხმებით არჩევანი ძალიან ადვილია", - ამბობს კობახიძე.