ბიძინა ივანიშვილი კვლავ ენმ-ის გასამართლებით და მათი პოლიტიკური ველიდან გაქრობით იმუქრება

25.08.24 18:46
ბიძინა ივანიშვილი კვლავ ენმ-ის გასამართლებით და მათი პოლიტიკური ველიდან გაქრობით იმუქრება

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებით კვლავ იმუქრება - ქართველი ოლიგარქი აანონსებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის "დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან".

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ენმ-ის პოლიტიკური ველიდან გაქრობით იმუქრება და ამტიცებს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის მიღებით, "ოცნება" პოლიტიკურ სივრცეს გააჯანსაღებს.

პირველი, პირველი და მთავარი შეიძლება იყოს, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რაც ქართული პოლიტიკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელი იქნება. როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, ჩვენთვის ეს იქნება საზოგადოების დაკვეთა, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს ჩვენი ქვეყნის მტრების დანაშაულებრივ ქმედებებს, განსაკუთრებით კი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების დასრულებისა და ქართველი ხალხისგან მაღალი ლეგიტიმაციის მოპოვების შემდეგ დაიწყება პროცესი, რომელიც დასრულდება დამნაშავეების გასამართლებით და მკაცრად დასჯით!

მუდმივ ტერორში, თავსმოხვეულ დაპირისპირებასა და გამოგონილ პრობლემებში ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ - ამის გარეშე გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მიღწევა შეუძლებელი იქნება! სამწუხაროდ, მთელი ამ წლების მანძილზე ქვეყანაში სრულფასოვანი არჩევნები არ ჩატარებულა, რადგანაც ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში არჩევანი კარგსა და უკეთეს შორის არსებობს. ჩვენს ქვეყანაში კი ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის გადარჩენაზე, განვითარებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე ფიქრობს, მეორე მხარეს კი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სახელმწიფოს მტრობს და უცხოურ ინტერესებს ემსახურება.

12 წლის მანძილზე საკუთარი თვალით ვუყურებთ გამოგონილი მიზეზებით, ხელოვნურად თავსმოხვეული პოლიტიკური კრიზისებით, ტრაგედიებით, მანიპულირებითა და სიცრუის პროპაგანდით რამდენჯერ ჰქონდათ გადატრიალების მცდელობა! მათი გეგმა ერთხელაც ვერ განხორციელდა და ხელისუფლება უცხოური ძალების აგენტურამ ვერ დაიბრუნა, თუმცა, კარგად გამოჩნდა, რამხელა რისკები ახლავს და რა  შეიძლება მოჰყვეს თავსმოხვეულ პოლარიზაციას. „ქართული ოცნება“ ქართველმა ხალხმა უკვე სამი ვადით აირჩია, ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში კი პოლიტიკური ძალები გარკვეული პერიოდულობით უნდა ანაცვლებდნენ ერთმანეთს. ეს დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია! ამის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, როდესაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ და ჩვენს გუნდს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდება", - ამბობს ივანიშვილი.