2012 წლის შემდეგ, "ოცნება" განვითარებულ აჭარას, საქართველოს და სააკაშვილს ებრძვის - ნარმანია
"2012 წლის შემდეგ, "ქართული ოცნება" ებრძვის განვითარებულ ბათუმს, აჭარას, განვითარებულ საქართველოს, მიხეილ სააკაშვილსა და მის პროექტებს" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.
ნარმანიას თქმით, "ერთიანობის" ვალია 26 ოქტომბერს გაიმარჯვოს და კოალიციამ ქვეყნის შენება გააგრძელოს.
ბათუმში, შეჩერებულ პრექტებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე იგორ ნარმანიამ განაცხადა: "2012 წელს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შეთანხმება ამერიკის ათასწლეულის კორპორაციასთან, რომ დაფინანსებულიყო ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, თუმცა, მოსვლისთანავე, ქართულმა ოცნებამ ჩაშალა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებული პროექტი, ისევე, როგორც სხვა პროექტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ამერიკელ დონორებთან ჰქონდა შეთანხმებული. 2012 წლის შემდეგ ქართული ოცნება ებრძვის განვითარებულ ბათუმს, აჭარას, განვითარებულ საქართველოს, მიხეილ სააკაშვილსა და მის პროექტებს. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ჩვენი 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ და ჩვენი თანატოლები, რომლებიც წავიდნენ ამ ქვეყნიდან, დავაბრუნოთ თავიანთ ოჯახებში", - განაცხადა იგორ ნარმანიამ.