ბათუმი განათლების ცენტრად იყო ჩაფიქრებული და სამწუხაროა, რასაც ახლა ვხედავთ - ალასანია
"ბათუმი განათლების ცენტრად იყო ჩაფიქრებული და სამწუხაროა, რასაც ვხედავთ" - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გააკეთა.
გიული ალასანიამ გამოთქვა იმედი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, არსებული მდგომარეობა შეიცვლება და ქვეყანა განვითარებას გააგრძელებს.
საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ბათუმში, შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გაიხსენა, რომ წინა ხელისუფლებას ჩაფიქრებული ჰქონდა ბათუმის გადაქცევა განათლების ცენტრად: "რამდენადაც მახსოვს, ბათუმი ჩაფიქრებული იყო, როგორც განათლების ცენტრი. მას შემდეგ წლები გავიდა და დღეს ვხედავთ აქ კაზინოს. მაგონდება რომ წლების წინ ერთი ამერიკელი ქალბატონი იჯდა და უყურებდა ამ შენობას და ჩემმა მეგობარმა ჰკითხა: "რაო, მოგწონთ?" და მან უპასუხა: "მსგავსი სილამაზის შენობა მე არ მინახავს!". სამწუხაროა, რომ ახლა ასეთ ცვლილებას ვუყურებთ, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ მომავალს, იმედით ვუყურებ 26 ოქტომბრის არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, ის შეცვლის არსებულ მდგომარეობას, ისევ დავდგებით ფეხზე და გავაგრძელებთ შენებას", - განაცხადა ბრიფინგზე გიული ალასანიამ.