წამზომი ჩართულია - რამდენი დღე რჩება ოპოზიციას ერთი სახელის ქვეშ გაერთიანებისთვის?
არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს წამზომი ჩართული აქვთ - თუ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ რომელიმე პარტიას, ან კოალიციას ერთი სახელის ქვეშ უნდა გაერთიანება, ეს სამ დღეში უნდა მოასწროს.
ოპოზიციურმა პარტიებმა 30 აგვისტომდე უნდა განაცხადონ, თუ რა სახელით სურთ 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საარჩევნო ბიულეტენში მოხვედრა.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი "პირველებთან" განმარტავს, 30 აგვისტოს შემდეგ, პარტიებს აღარ მიეცემათ სახელის შეცვლის შესაძლებლობა.
ამასთან, გიორგი კალანდარიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებსა თუ კოალიციებს გამსხვილების უფლება 30 აგვისტოს შემდეგაც რჩებათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე "პირველებთან" საუბრის დროს იმასაც აცხადებს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ბლოკები აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე პარტია, ან პოლიტიკური სუბიექტი გადაწყვეტს, შეუერთდეს დიდ პოლიტიკურ კოალიციას, ამავე პირებმა ძველი პარტია და კოალიციაში დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვონ.
პოლიტიკური პარტიების სახელები დამოკიდებული არის საჯარო რეესტრში შესაბამის სააგენტოებში არსებულ სახელწოდებასთან. ეს უნდა იყოს ერთმანეთთან თანხვედრაში. ასევე არის შემდგომი პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებების მხრიდან პარტიული სიების წარდგენას, რისთვისსაც საარჩევნო, უკვე რეგისტრირებულ სუბიექტებს ექნებათ კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 1 თვისა, ანუ, 30 დღით ადრე ვადა, რომ წარადგინონ პარტიული სიები. პარტიულ სიებთან და პარტიების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ დაბლოკების პროცედურას კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს, შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში იქნება პირი, რომელიც სხვა პარტიის წარმომადგენელია, მას აქვს ვალდებულება, რომ დატოვოს ეს პარტია", - ამბობს კალანდარიშვილი.