წულუკიანისგან მოვისმინეთ აღიარება, რომ "ოცნებისთვის" მთავარი პოლიტიკური ოპონენტი სწორედ ქალი დეპუტატები ვიყავით - ნაცვლიშვილი
"წულუკიანისგან მოვისმინეთ იმის აღიარება, რომ "ოცნებისთვის" მთავარი პოლიტიკური ოპონენტი სწორედ ქალი დეპუტატები ვიყავით - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი თეა წულუკიანის იერიშს ანა დოლიძეზე.
ანა ნაცვლიშვილი წერს, რომ მხოლოდ "ოცნებას" კი არა, წულუკიანსაც სძულს ქალები, რის გამოც სავალდებულო კვოტირება გააუქმეს.
კიდევ ერთხელ, ამჯერად კულტურის კომისარ თეა წულუკიანის მიერ ანა დოლიძის სწორი შენიშვნის პასუხად, რომ ოცნებას ქალები სძულს, მოვისმინეთ იმის აღიარება, რომ ქართული ოცნებისთვის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი სწორედ ქალი დეპუტატები ვიყავით.
თქვენ ხართ მიუღებლები და ამიტომ გავაუქმეთ კვოტაო. თურმე ნუ იტყვით და როგორ ვბედავდით აქტიურობას, როგორ ვიმაღლებდით ხმას, როგორ ვმუშაობდით საკითხებზე სიღრმისეულად, როგორ ვამხელდით ამათ, როგორ ვებრძოდით რუსულ კანონს და ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას!
ჩუმად უნდა ვმსხდარიყავით, პეპლებზე და ჩიტებზე გვეპოსტა, ან სულაც - კორუფციულ გარიგებებში შევსულიყავით მათთან და მანდ ვიქნებოდით მისაღები ქალთა სახეები ოცნებისათვის, ასეთები რომ ვყოფილიყავით, ვინ იცის - იქნებ გაეზარდათ კიდეც კვოტა ))))
ეს კვოტების საკითხის განხილვის დროს უმრავლესობის წევრებმაც კი თქვეს ღიად.
პარტიული ხაზი უცვლელია.რომ ვერ გაგვაკონტროლეს, მერე ძალადობაზე გადავიდნენ - ჟანრის კლასიკაა ასეთი. ვერც ამით შეგვაშინეს და ახლა ფიქრობენ, კვოტის გაუქმებით გაგვაჩერებენ.
ამათთვის ქალთა კვოტირება, ისევე როგორც ყველა სხვა პროგრესული სიახლე, მხოლოდ სამშვენისია, რომელსაც მათ მიერ სიძულვილით, ღვარძლით, კორუფციით, ძველბიჭობით, უწიგნურობით, მუქარით, პირადი ცხოვრებით შანტაჟით, ძალადობით გაჯერებულ პოლიტიკურ პროცესს თავზე მოაყრიან და აპლოდისმენტებს მოითხოვენ, ნახეთ, რა კარგები ვართო!ყოველთვის ვამაყობ იმ არაჩვეულებრივი ბრძოლის და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - ურთიერთსოლიდარობის იმ მაგალითებით, რაც ჩემმა კოლეგებმა ქალმა დეპუტატებმა შევქმენით მეათე მოწვევის პარლამენტში.
განა ჩვენზე არ აირეკლა და არ იმოქმედა პოლიტიკის საერთო მძიმე მდგომარეობამ, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში ერთმანეთის მხარდაჭერა უფრო მეტჯერ შევძელით, ვიდრე - ვერ.
არაერთხელ ეს ხელი უმრავლესობის ქალებსაც გავუწოდეთ, ოღონდ გაებედათ ქალთა საკითხების გარშემო მაინც თამამად ერთად დგომა, სამწუხაროდ - თითქმის ყოველთვის, უშედეგოდ.
მარტო ოცნებას კი არა, წულუკიანსაც როგორ სძულს ქალები, ამხელა სიძულვილთან თანაგრძნობის ადგილია მხოლოდ , სხვა ვერაფერს ვუშველით. მეტი სოლიდარობა რომ მიეღო ცხოვრებაში საკუთარი თანაგუნდელი ქალებისგან მაინც, ასე მძიმედ არ იგრძნობდა თავს. ვწუხვარ ამის გამო.
კვოტის აზრი სწორედ სოლიდარობის და ერთმანეთის ხმის გაძლიერების კულტურის მშენებლობაა, თორემ ნარცისებისთვის კვოტა მორიგი ინსტრუმენტია მხოლოდ.
ნარცისებიც ბევრი გვინახავს, მზეც რომ არ უნდათ სხვასთან გაიყონ და მათგან განსხვავებული მებაღეებიც, სადაც ბაღი - სხვების გაძლიერებაა მთავარი და არა საკუთარი - მებაღის ადგილი ამ ბაღში.ოცნებას მეტი არაფერი აქვს სათქმელი.
ქალები კი იტყვიან თავის გადამწყვეტ სიტყვას 26 ოქტომბერს!", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
გუშინ თეა წულუკიანმა ანა დოლიძეზე იერიში მიიტანა. "ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან სხვა თემაზე აღვარღვარეთ "- დაწერა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში კულტურის მინისტრმა.
თეა წულუკიანი გაღიზიანება ანა დოლიძის განცხადებას მოჰყვა, სადაც პოლიტიკოსი ამბობდა, რომ "ოცნებას" ქალი პოლიტიკოსები ეზიზღება".
ასევე ნახეთ: