26 ოქტომბერი იქნება არჩევანი თავისუფლებასა თუ მონობას შორის - პრეზიდენტი
უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი და არჩევანი თავისუფლებასა და მონობას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, “სწორედ იმიტომ, რომ ომი და შიდა დაპირისპირება არ გვინდა, აუცილებელია სათქმელი არჩევნებით ვთქვათ“.
უნდათ, რომ დაგვარწმუნონ, ეს იქნება ერთგვარი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ ირჩევს ომს, დღეს საქართველოში არავის უნდა ომი დ არავინ ამზადებს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტების და მიზნების ბუნდოვნება და აღრევა ზრდის მტრის მადას, ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესა და მტერთან, ყველაზე კარგი დაცვაა ქვეყნის უსაფრთხოებისა.
ის მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება და მე ამას პირველი დღიდან ვიძახი, რეფერენდუმის ტოლფასი. ევროპა თუ რუსეთი, გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი, ვინ ვართ, რანი ვართ. საით მივდავართ და რა გვინდა, წარსული თუ წინსვლა, თავისუფლება თუ მონობა, დიქტატურა თუ დემოკრატია, ერთპარტიული ძალაუფლება თუ მრავალპარტიული ხელისუფლება, იდენტობის დაცვა და გაძლიერება თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედი, ქრისტიანული შემწყნარებლობა თუ რუსული ძალადობა, სხვის აუტანლობა, დამოუკიდებლობა თუ ოკუპაცია.
იშვიათად გვქონია საქართველოს ისტორიაში ასეთი საშუალება, საკუთარი ბედი გადავწყვიტოთ მშვიდად, ომისა და დაპირისპირების გარეშე, საკუთარი ნების გამოხატვით. სწორედ იმიტომ, რომ ომი და შიდა დაპირისპირება არ გვინდა, აუცილებელია სათქმელი არჩევნებით ვთქვათ, გამოვხატოთ ხალხის ნება ღიად და ნათლად, რომ ვერავინ სცადოს წინააღმდე წასვლა. სტაბილურობა ასე შენარჩუნდება, ეს მოითხოვს სრულ მობილიზაციას, ძალით მოხვეული შიშების გაფანტვას და პასუხისმგებლობის გააზრებას“,- გაანცხადა ზურაბიშვილმა.