დემფესტი ანტიკორუფციულს პასუხობს - “ეს არის პირდაპირი თავდასხმა“

27.08.24 21:32
დემფესტი ანტიკორუფციულს პასუხობს - “ეს არის  პირდაპირი თავდასხმა“

“მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ბიუროს ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება „ემსახურება “რუსული კანონის” სულისკვეთებას, არ შეესაბამება სიმართლეს და არის სახალხო „დემოკრატიის ფესტივალებზე“ პირდაპირი თავდასხმა.“

ორგანიზაციის განცხადებით, „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა” (EECMD) ფესტივალზე მოიწვია, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები, ასევე სახელისუფლებო პარტია.

გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩვენ წინააღმდეგ აგორებულ უწყვეტ ნეგატიურ კამპანიასა და იმ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც, მათ შორის, დღეს, 27 აგვისტოს, ანტიკორუფციული ბიუროს ბრიფინგზე გაკეთდა. აღნიშნული განცხადება ემსახურება “რუსული კანონის” სულისკვეთებას, არ შეესაბამება სიმართლეს და არის სახალხო „დემოკრატიის ფესტივალებზე“ პირდაპირი თავდასხმა.

ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაზე საპასუხოდ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა” (EECMD) ფესტივალზე მოიწვია, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები, ასევე სახელისუფლებო პარტია. „ქართულმა ოცნებამ“ საჯაროდ არაერთგზის განაცხადა უარი „დემოკრატიის ფესტივალში” მონაწილეობაზე. ჯამში, ორგანიზაციამ 18 პოლიტიკური პარტია და მოძრაობა, ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაცია და ასობით მცირე მეწარმე მოიწვია. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს დემოკრატიის ფესტივალის ინკლუზიურობას და ააშკარავებს ბრალდების რეალურ მხარეს — ხელი შეუშალოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და პროცესებს!.

მეტიც, ბოლო თვეების განმავლობაში მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები აღმოჩნდა ერთგვარი გამაფრთხილებელი გზავნილი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, არ გაეცათ ნებართვები დემოკრატიის ფესტივალების ჩასატარებლად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, თბილისის მერის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრების მიერ განხორციელებულმა ნეგატიურმა კამპანიამ იმოქმედა ბიზნეს სექტორზეც და კერძო დაწესებულებები იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ სახალხო ღონისძიების მასპინძლობაზე. აღნიშნულმა ხელი შეუშალა ბათუმისა და თბილისის მაცხოვრებლებს ჰქონოდათ შესაძლებლობა ერთად აღენიშნათ დემოკრატიული ღონისძიება.

გარდა იმისა, რომ მმართველი პარტიის განცხადებები პირდაპირი ჩარევაა EECMD-ს საქმიანობაში ის, ასევე, ხელს უშლის მოსახლეობის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ განხორციელებული ნეგატიური კამპანია და ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებები გვაფიქრებინებს, რომ მმართველი პარტიისთვის „დემოკრატიის ფესტივალები“ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს საფრთხეს“, - წერია განცხადებაში.


ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, “დემოკრატიულ ფესტივალის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი იყო მიწვეული.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ფესტივალი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ. „ფესტივალზე“ მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი და ყველა პარტიას არ ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა, ამასთან, ე.წ. „ფესტივალში“ მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისა ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების პროცესი და საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კუპრაშვილმა.