ცესკო: პარტიებს არჩევნებისთვის ქცევის კოდექსის გაფორმებას ვთავაზობთ

28.08.24 10:56
ცესკო: პარტიებს არჩევნებისთვის ქცევის კოდექსის გაფორმებას ვთავაზობთ

ცესკო პარტიებს არჩევნებისთვის ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს - კოდექსი ევროპარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის პრინციპების მიხედვით არის მომზადებული.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკურ გაერთიანებებში ეს დოკუმენტი უკვე გადააგზავნა. ახლა ჯერი პარტიებზეა. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა 30 აგვისტოს შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ამასთან, ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის ცნობით, ამოქმედდა საარჩევნო რეგულაციები აგიტაციასთან დაკავშირებითაც.

ამასთან, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის კოდექსის გაფორმებას. პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი, რომელიც ეფუძნება 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიმუშავა და გაუგზავნა პოლიტიკურ პარტიებს მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით. კოდექსზე ხელმოწერა საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგ იგეგმება.

არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრესი მიზანია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება. მაგრამ აქვე გვინდა, მოვუწოდოთ არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ამომრჩევლებს, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, რადგან არჩევნები საერთო საქმეა", - თქვა ნათია იოსელიანმა.