ჯერ რუსეთმა გაიყვანოს ჯარები, წაიღოს უკან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება - კელი დეგნანი
საქართველოში აშშ-ს ელჩი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმიანება. კელი დეგნანმა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების არსებობის პირობებში აღნიშნულ განცხადებას დეზინფორმაცია და პროპაგანდა უწოდა. უცხოელი დიპლომატი ამბობს, რომ სწორი იქნება თუ პრობლემის მოსაგვარებლად საკითხზე დიალოგი ჟენევის ფორმატში შედგება.
ნებისმიერი ასეთი განცხადება საქართველომ რომ სერიოზულად აღიქვას, ამისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთმა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან , სხვა მხრივ ეს იქნება პროპაგანდის და დეზინფორმაციის ახალი მაგალითი. ჯერ რუსეთმა გაიყვანოს ჯარები, წაიღოს უკან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება. დიალოგისთვის არსებობს მექანიზმი, ჟენევის ფორმატი და ამ ფორმატში მოლაპარაკების კეთილსინდისიერად წარმართვა იქნება პირველი ნაბიჯი ამ პრობლემების მოსაგავრებლად. ეს არის წინაპირობები რის გარეშეც თანამშრომლობაზე საუბარს აზრი არ აქვს, - აცხადებს დეგნანი.
რუსეთის საგარეო უწყება აგვისტოს ომიდან 13 წლის თავზე საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნული განცხადება "ტვიტერზე" უწყების წარმომადგენელმა, ალექსანდრ ბიკანტოვმა გაავრცელა.