“გახარია საქართველოსთვის“ მხარდაჭერის გამო, სამსახურიდან ხონის და სენაკის სკოლის დირექტორები გაათავისუფლეს - მეზვრიშვილი

28.08.24 14:46
“გახარია საქართველოსთვის“ მხარდაჭერის გამო, სამსახურიდან ხონის და სენაკის სკოლის დირექტორები გაათავისუფლეს - მეზვრიშვილი

უკანონობაზე პირდაპირ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს მუქარას, ძალადობას და პოლიტიკური ნიშნით დევნას! - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებამდე უკვე დამარცხებულმა, მათი გუნდის აქტიურობით შეშინებულმა „ოცნებამ“ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური დევნით დაიწყო. 

გუშინ, პარტია „გახარია  საქართველოსთვის“ მხარდაჭერის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს ხონის და სენაკის სკოლის დირექტორები - ბატონი მინდია გველებიანი და ქალბატონი შორენა შამათავა, რომლებიც ადგილზე უპრეცედენტო მხარდაჭერით და ავტორიტეტით სარგებლობენ. ორივე პოზიციაზე დანიშნეს „ოცნების“ პარტაქტივი: ხონში - სოფლის რწმუნებულის და სენაკში - პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე. 
რამდენიმე დღის წინ, კასპის საკრებულოს დეპუტატის მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა ჩვენი გუნდის გამორჩეულად აქტიურ წევრს თათია ბროლაძეს.
„ოცნების“ ადგილობრივ პარტაქტივთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ უკანონობაზე პირდაპირ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს მუქარას, ძალადობას და პოლიტიკური ნიშნით დევნას! 


პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ასევე, სახელმწიფო უწყებებს (მათ შორის, ძალოვნებს და პროკურატურას), რომლებიც თვეების განმავლობაში რეაგირებას არ ახდენენ ჩვენს ოფიციალურ განცხადებებზე, რითაც უკანონობის თანამონაწილეებად იქცნენ.
რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობისგან“ გადმოღებული ეს მეთოდები ვერ შეგვაშინებს. კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ კამპანიას რეგიონებში და 26 ოქტომბერს „ოცნების“ მარცხს ოფიციალურად გავაფორმებთ“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები