“ეს არის მომავალი, რომელიც გათვალა ივანიშვილმა“ - პეტრე ცისკარიშვილი
“ეს არის მომავალი, რომელიც გათვალა ივანიშვილმა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მუდმივად იყოს და რუსეთსაც ასიამოვნოს“, - ასე ეხმაურება რუსულ სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლო აღდგენას, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი.
ცისკარიშვილის მტკიცებით, რუსი პროპაგანდისტების განცხადებები იმას ნიშნავს, რომ თბილისიც, სოხუმიც და ცხინვალიც იქნება რუსეთის ფედერაციის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ერთიანი სუბიექტი.
თუ ჩვენ გვინდა საბჭოთა კავშირის მინიმოდელში შევიდეთ და უფრო მეტად რუსეთის ფედერაცია გავხდეთ, ვიდრე 70 -იან და 80 -იან წლებში ვიყავით, მაშინ კი ბატონო, ხალხმა აირჩიოს “ოცნება“. რუსი პროპაგანდისტების მხრიდან რაც გვესმის, დიპლომატიურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, სწორედ ამას ნიშნავს, რომ თბილისიც, სოხუმიც და ცხინვალიც იქნება ერთიანი რუსეთის ფედერაციის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული სუბიექტი, რომელიც შემდეგ არ ვიცი რა ტიპის საკონსტიტუციო უფლება- მოსილებას მოგვანიჭებს კრემლი და ლუდენკაზე რას გადაწყვეტენ. ეს არის მომავალი, რომელიც გათვალა ივანიშვილმა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მუდმივად იყოს და რუსეთსაც ასიამოვნოს და აქ დემოკრატია არ იყოს“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.
რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას განიხილავს - სკანდალური განცხადება ევრაზიული ანალიტიკური კლუბის ხელმძღვანელმა რუსულ სამთავრობო მედიასთან, რია ნოვოსტისთან გააკეთა.
ნიკიტა მენკოვიჩი გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებების დაწყება "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაშია შესაძლებელი.