რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა დაიწყო

29.08.24 11:12
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა დაიწყო - პროცესი მოსამართლე მერაბ ტურავამ გახსნა, რომელმაც კონსტიტუციური სარჩელების მოთხოვნა წაიკითხა.

დღევანდელ პროცესზე მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელიც კონსტიტუციური სარჩელების შინაარსა და სასარჩელო მოთხოვნაზე ისაუბრებს. 

  • საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავენ მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.

მოსამართლეთა კოლეგიას დღეს აკლია ირინე იმერლიშვილი. მერაბ ტურავას თქმით, ის  სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.

ირაკლი კობახიძემ რუსული კანონის დაცვა ანრი ოხანაშვილს, თენგიზ შარმანაშვილსა და არჩილ გორდულაძეს ჩააბარა, თუმცა სხდომაზე ამ დრომდე პარლამენტის აპარატის წარმომადგენლების გარდა, რუსული კანონის დამცველი დეპუტატები არ ჩანან.

მოსარჩლე პირები კი საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსია. 

ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია, გიორგი ბურჯანაძე, ზურაბ მაჭარაძე და კახი სამხარაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ირემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.

  • ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში "ოცნების" პარტაქტივის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

მსგავსი სიახლეები