საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - რუსული კანონით იცხოვრებს ეს ქვეყანა, თუ ქართულით - ანა ნაცვლიშვილი
საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - რუსული კანონით იცხოვრებს ეს ქვეყანა, თუ ქართული კანონით, ანუ საქართველოს კონსტიტუციით - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონთან დაკავშირებით ჩანიშნულ სასამართლო სხდომას.
მისი თქმით, მოსამართლეებზე პოლიტიკური წნეხი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეებს მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირადი პასუხისმგებლობა არ ექნებათ.
„საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - რუსული კანონით იცხოვრებს ეს ქვეყანა, თუ ქართული კანონით, ანუ საქართველოს კონსტიტუციით? ჩვენ აქ საქართველოს კონსტიტუციის დამცველ მხარეს წარმოვადგენთ. მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანამ ქართული კონსტიტუციით უნდა იცხოვროს და არა რუსული კანონით! ჩვენ იმ დაკვეთის ირგვლივ ვართ გაერთიანებული, რომელიც ათი ათასობით მოქალაქემ დაგვიკვეთა, როცა ისინი თვეების განმავლობაში „რუსულ კანონსა“ და საქართველოსთვის ევროპული გზის ჩაკეტვას აპროტესტებდნენ.
დღეს აქ ყველანი ერთად ვიქნებით - სამოქალაქო სექტორი, პრეზიდენტი, ოპოზიციონერი დეპუტატები, ამავე დროს, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის სამართლის მეცნიერებიც არიან იმ მხარეს, რომელსაც სასამართლოში დღეს ჩვენ წარმოვადგენთ. „ქართული ოცნება“ არის მარტო „რუსულ კანონთან“, ჩვენ სასამართლოს წინაშე ვითხოვთ, რომ, სანამ სრულად განხილვა დასრულდება შეჩერდეს ამ „რუსული კანონის“ მოქმედება, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღეში მისი დრაკონული ეფექტები ამოქმედება, თუ კანონი შეჩერებული არ იქნება და ეს საფრთხეა არამარტო მოქალაქეებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის, რადგან „რუსულმა კანონმა“ საქართველოსთვის ევროპის კარი ჩაკეტა. საბოლოოდ მე მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ მთავარი მსაჯული ქართველი ხალხი იქნება, რომლებიც 26 ოქტომბერს, „რუსულ კანონსა“ და რუსეთის მსახურ ხელისუფლებას წარსულში დატოვებენ.
მოსამართლეებზე პოლიტიკური წნეხი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეებს მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირადი პასუხისმგებლობა არ ექნებათ. წნეხი ყოველთვის არის, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ახერხებენ, რომ საკუთარ ცდუნებებზე და შიშებზე მაღლა, ქვეყნის ინტერესებს აყენებენ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
დღეს მოსამართლეთა კოლეგია ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ 4 საჩივარზე ერთდროულად იმსჯელებს- ისტორიული სხდომა უკვე იწყება.
მოსარჩელე პირები საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსია.
ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ირემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.
29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელმაც 2023 წელს პრეზიდენტის იმპიჩემნტს მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.