იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და პირველიდან ბოლო სიტყვამდე 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება - პრეზიდენტის წარმომადგენელი

29.08.24 12:08
იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და პირველიდან ბოლო სიტყვამდე 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება - პრეზიდენტის წარმომადგენელი

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით საქართველოს პრეზიდენტის ინტერესების დამცველი, ზურაბ მაჭარაძე გამოდის - სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი მოსამართლეთა კოლეგიას უხსნის, თუ რატომ არის "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონი რუსული.

ზურაბ მაჭარაძე განმარტავს, რომ კანონი რუსეთში მიღებული და დამკვირდებული კანონის სულისკვეთებას იმეორებს და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის სრულ ინეტრაციას გულისხმობს.

პრეზდიენტმა ვეტო დაადო, შემდეგ მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს. შენიშვნები ეფუძნებოდა, რომ კანონი ანტიკონსტიტუციური იყო და 78-ე მუხლს ეწინააღმდეგობდა. კანონი რუსული კანონის სულისკვეთებას იმეორებდა. პარლამენტმა არ გაიზიარა მოტივირებული შენიშნვები...

სარჩელი ეფუძნება რამდენიმე კონსტიტუციურ დებულებას. პირველ რიგში, კანონი 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე", - ამბობს ზურაბ მაჭარაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა მიმდინარეობს - პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს. 

დღევანდელ პროცესზე მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელიც კონსტიტუციური სარჩელების შინაარსა და სასარჩელო მოთხოვნაზე ისაუბრებს. 

  • საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავენ მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.
  • მოსამართლეთა კოლეგიას დღეს აკლია ირინე იმერლიშვილი. მერაბ ტურავას თქმით, ის  სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.

ირაკლი კობახიძემ რუსული კანონის დაცვა ანრი ოხანაშვილს, თენგიზ შარმანაშვილსა და არჩილ გორდულაძეს ჩააბარა, თუმცა სხდომაზე ამ დრომდე პარლამენტის აპარატის წარმომადგენლების გარდა, რუსული კანონის დამცველი დეპუტატები არ ჩანან.

ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია, გიორგი ბურჯანაძე, ზურაბ მაჭარაძე და კახი სამხარაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ერემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.

მსგავსი სიახლეები