რუსული კანონის ამოქმედებას მსუსხავი, რეპრესიული, აგრესიული შედეგები მოყვება - ბესელია
ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, ეკა ბესელია მიმართავს - სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი მოსამართლეთა პლენუმს კონკრეტულად უხსნის, თუ რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოჰყვეს პირველი სექტემბრიდან რუსული კანონის ამოქმედებას.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ კანონის კონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მას "მსუსხავი, რეპრესიული, აგრესიული შედეგი" ექნება და როგორც ქართველ ხალხს, ასევე ქვეყანას, გამოუსწორებელ განგრძობით ზიანს მიაყენებს.
ამასთან, ეკა ბესელიამ მოსამართლეთა პლენუმის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს უსამართლო უწოდა.
არ შევალ ამ საკითხის განხილვაში, ყველას აქვს თავისი პოზიცია, მეც მათ შორის, ადამიანს, რომელსაც მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გადაწყვეტილება სამართლიანი არ ყოფილა და 12 წლის შემდეგ, როდესაც გადავწყვიტე სასამართლო დარბაზში შემოსვლა, მიუხედავად იმ რეალობის გააზრებისა, რომელსაც კარგად აღვიქვამთ ყველა, მაქვს მოლოდინი, რომ ეს უნიკალური შანსი, რომელიც დარჩა კონსტიტუციით, რომ ჯერ კიდევ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა აირიდონ ის მოსალოდნელი და გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც ამ ყველაზე ანტიკონსტიტუციურ და რუსულ კანონად წოდებულ კანონს მოყვა.
ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მეხუთე პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროთ სადავო კანონის მოქმედება, რომელმაც უკვე მოიტანა დიდი ზიანი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის და ეს ზიანი ყოველდღიურად გრძელდება, განგრძობათი ხასიათი აქვს. ეს კანონი პირველი სექტმებრიდან კიდევ უფრო სახიფათო გახდება, როდესაც მისი მსუსხავი და რეპრესიული ზომები ამოქმედდება. არ მაქვს მოლოდინი, რომ თუ ამ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, არ გამოიწვიოს კანონის იმ ნაწილის ამოქმედებამ, მსუსხავი რეპრესიული, აგრესიული შედეგები," - ამბობს ეკა ბესელია.
საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა მიმდინარეობს - პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს.
დღევანდელ პროცესზე მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელიც კონსტიტუციური სარჩელების შინაარსა და სასარჩელო მოთხოვნაზე ისაუბრებს.
- საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავენ მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.
- მოსამართლეთა კოლეგიას დღეს აკლია ირინე იმერლიშვილი. მერაბ ტურავას თქმით, ის სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.
ირაკლი კობახიძემ რუსული კანონის დაცვა ანრი ოხანაშვილს, თენგიზ შარმანაშვილსა და არჩილ გორდულაძეს ჩააბარა, თუმცა სხდომაზე ამ დრომდე პარლამენტის აპარატის წარმომადგენლების გარდა, რუსული კანონის დამცველი დეპუტატები არ ჩანან.
ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია, გიორგი ბურჯანაძე, ზურაბ მაჭარაძე და კახი სამხარაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ერემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.