სასწორის ერთ პინაზე დევს ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული მომავალი, მეორე პინაზე რამდენიმე ადამიანის ახირებული ქმედება - ბესელია
მე იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ თავად დაიცავთ ამ შემთხვევაში კონსტიტუციის 78-ე მუხლს და თქვენ თავად ააცილებთ ქვეყანას ამ მოსალოდნელ ზიანს და საქართველოს მოქალაქეებს, რაც ამ კანონით უკვე მოგვადგა და ყოველდღიურად გვადგება, ვიდრე ის ძალაშია - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციოს სასამართლოს მოსამართლეებს.
ბესელია მოსამართლეებს მოუწოდებს შეაჩერონ რუსული კანონი, ამბობს, რომ არ არსებობს არავინ, ვისაც შეიძლება ამით ზიანი მიადგეს, უბრალოდ ვიღაცებს შეიძლება ნერვები აეშალოთ"
არ არსებობს არავინ, ვისაც შეიძლება ზიანი მიადგეს, თუ თქვენ შეაჩერებთ ამ სადავო აქტს. უბრალოდ ვიღაცებს შეიძლება ნერვები აეშალოთ მხოლოდ, ვინც ამ კანონს ასე თავგამოდებით და ქვეყნის ევროპული მომავლის საზიანოდ იცავენ და სასწორის მეორე პინაზე საპირწონედ დევს ამ კანონის დამცველების ახირება თუ მათი სხვა პოლიტიკური მოტივაციის თუ საგარეო ორიენტაციის არევა თუ შეცვლა. ჩვენ ასე არ ვუყურებთ და არც კონსტიტუცია", - თქვა ბესელიამ.
ბესელიამ ასეევ ისაუბრა იმ მსუსხავ ეფექტებზე, რომელმაც მისი თქმით, სწორედ რუსულმა კანონმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, რომელსაც სხვათაშორის ყველა ვზეიმობდით, დღეს გვითხრეს, რომ ეს პროცესი შეჩერებულია. შეჩერებულია სწორედ ამ საოცნებო კანონის გამო, რომელსაც ამდენი ახირებული ავტორი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტში", - თქვა ბესელიამ .
საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა მიმდინარეობს - პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს.
დღევანდელ პროცესზე მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელიც კონსტიტუციური სარჩელების შინაარსა და სასარჩელო მოთხოვნაზე ისაუბრებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავენ მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.
მოსამართლეთა კოლეგიას დღეს აკლია ირინე იმერლიშვილი. მერაბ ტურავას თქმით, ის სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.
ირაკლი კობახიძემ რუსული კანონის დაცვა ანრი ოხანაშვილს, თენგიზ შარმანაშვილსა და არჩილ გორდულაძეს ჩააბარა, თუმცა სხდომაზე ამ დრომდე პარლამენტის აპარატის წარმომადგენლების გარდა, რუსული კანონის დამცველი დეპუტატები არ ჩანან.
ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია, გიორგი ბურჯანაძე, ზურაბ მაჭარაძე და კახი სამხარაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ერემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.