იმ ქვეყნებში, სადაც ამ კანონებს იღებენ, საკონსტიტუციო სასამართლოები მარტივად გაკონტროლებულები არიან - პრეზიდენტის წარმომადგენელი
ამ წუთებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა პლენუმი პრეზიდენტის სარჩელს განიხილავს - მოსამართლეთა კოლეგიის წინაშე სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი, გიორგი ბურჯანაძე საუბრობს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ინტერესების დამცველი აცხადებს, რუსული კანონი ის ერთადერთი არაკონსტიტუციური კანონია, რომელიც საქართველოს პარლამენტს ისტორიის განმავლობაში მიუღია.
ამასთან, გიორგი ბურჯანაძე ხაზს უსვამს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი ტიპის კანონი მიიღეს და აამოქმედეს, საკონსტიტუციო სასამართლეობი მარტივად გაკონტორებულები არიან.
ყველაზე არაკონსტიტუციური კანონია, რომელიც საქართველოს ისტორიაში პარლამენტს მიუღია. ეს არის კანონი, რომელზეც ყველა პატივსაცემმა ინსტიტუტმა გვითხრა, რომ იყო შეუთავსებელი. ასეთი კანონები მიიღეს რუსეთში, უნგრეთში, ყირგიზეთში და იმ ქვეყნებში, სადაც ამ კანონებს იღებენ, საკონსტიტუციო სასამართლოები მარტივად გაკონტროლებულები არიან. ეს კანონი იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებას", - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა მიმდინარეობს - პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს.
დღევანდელ პროცესზე მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელიც კონსტიტუციური სარჩელების შინაარსა და სასარჩელო მოთხოვნაზე ისაუბრებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავენ მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.
მოსამართლეთა კოლეგიას დღეს აკლია ირინე იმერლიშვილი. მერაბ ტურავას თქმით, ის სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.
ირაკლი კობახიძემ რუსული კანონის დაცვა ანრი ოხანაშვილს, თენგიზ შარმანაშვილსა და არჩილ გორდულაძეს ჩააბარა, თუმცა სხდომაზე ამ დრომდე პარლამენტის აპარატის წარმომადგენლების გარდა, რუსული კანონის დამცველი დეპუტატები არ ჩანან.
ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია, გიორგი ბურჯანაძე, ზურაბ მაჭარაძე და კახი სამხარაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ერემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.