საკონსტიტუციოში რუსული კანონის მცველი "ოცნების" დეპუტატები ამ დრომდე არ გამოჩენილან
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის დამცველები, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე ისტორიულ პროცესზე ამ დრომდე არ გამოჩენილან.
მიზეზით კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ ტურავა დაინტერესდა, რომელსაც პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა უპასუხეს, რომ დეპუტატი პროცესზე იმ შემთხვევაში მივლენ, თუ ამის საჭიროებას დაინახავენ.
ამ ეტაპისთვის რუსულ კანონს არა "ქართული ოცნების" დეპუტატები, არამედ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები იცავენ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა მიმდინარეობს - პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს.
დღევანდელ პროცესზე მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელიც კონსტიტუციური სარჩელების შინაარსა და სასარჩელო მოთხოვნაზე ისაუბრებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავენ მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.
მოსამართლეთა კოლეგიას დღეს აკლია ირინე იმერლიშვილი. მერაბ ტურავას თქმით, ის სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.
ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია, გიორგი ბურჯანაძე, ზურაბ მაჭარაძე და კახი სამხარაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ერემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.