რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციოში - მოსამართლეთა წინაშე იუსტიციის სამინისტროს 2 თანამშრომელი წარსდგება

29.08.24 14:17
რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციოში - მოსამართლეთა წინაშე  იუსტიციის სამინისტროს 2 თანამშრომელი წარსდგება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი იუსტიციის სამინისტროს ორ თანამშრომელსაც მოუსმენს - დავით დევიძე და ვახტანგ ბოხაშვილი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც რუსული კანონი უნდა აღასრულონ და 1-ელი სექტემბერიდან პროევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმება საკუთარ თავზე უნდა აიღო.

დავით დევიძესა და ვახტანგ ბოხაშვილს მოსამართლეთა პლენუმის წინაშე ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხების გაცემა და არგუმენტების წარდგენა მოუწევთ.

პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს. 

დღევანდელ პროცესზე მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელიც კონსტიტუციური სარჩელების შინაარსა და სასარჩელო მოთხოვნაზე ისაუბრებს. 

საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავენ მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.

მოსამართლეთა კოლეგიას დღეს აკლია ირინე იმერლიშვილი. მერაბ ტურავას თქმით, ის  სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.

ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია, გიორგი ბურჯანაძე, ზურაბ მაჭარაძე და კახი სამხარაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ერემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.