თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა

29.08.24 14:23
თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა

დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის" შეუერთდა.

აქუბარდიას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის.

ორი მიზეზი, რის გამოც ოქტომბრის არჩევნებისთვის  მე ამ გუნდიდან ვიწყებ ბრძოლას საქართველოსთვის  ეროვნული ინტერესების მისაღწევად არის:
პირველი - „გახარია საქართველოსთვის“ გარეშე, ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია; 
მეორე - ამ პოლიტიკური გუნდის ზომიერება, კეთილსინდისიერება და ჩემი მათთან საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გამოცდილებაა. 
მჯერა, რომ ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოში ნამდვილი მშვიდობის, რეალური სუვერენიტეტის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობით ნამდვილი კეთილდღეობის მიღწევას!“
, - განაცხადა აქუბარდიამ.

როგორც გახარიამ აქუბარდიას წარდგენისას განაცხადა, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული, გამოცდილი პროფესიონალია.

მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული, გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში და საჯარო მოხელეები მას იცნობენ, როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს. 

გარდა ამისა, როგორც ფაქტი თქვენს იცით, რომ ჩვენი გუნდი საქართველოს პარლამენტში და თეონა, როგორც დამოუკიებელი დეპუტატი ძალიან ეფექტურად თანამშრომლობდნენ , მათ აქვთ რამდენიმე ინიციატივა ერთობლივად წარდგენილი და როგორც ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი, 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას. 

აქვე გეტყვით, ამ არჩევნების კამპანიის გამოცხადებასთან ერთად, სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონებში სიარულის დროს, ქალაქ სენაკსა და ქალაქი ხონში „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი შეხვედრის გამო, სულ რამდენიმე დღის წინ, გაათავისუფლა ორი სკოლის დირექტორი. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ის მეთოდებია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა 2012 წელს, ღირსებით ქვეყნის სადღაც მიყვანაზე  საუბრის არანაირი უფლება არ აქვს „ოცნებას“, როგორც იქცევა დღეს „ოცნება“ არის ზუსტად იგივე მეთოდები, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს“, - განაცხადა გახარიამ.