კრიზისი, რომელშიც ხელისუფლებამ ქართული კულტურა შეიყვანა, უნდა დასრულდეს - “ძლიერი საქართველო“
„ძლიერი საქართველო“ სრულად იზიარებს ქართველი ხელოვანების საინიციატივო ჯგუფის „კულტურა დემოკრატიისთვის“ მიერ მომზადებულ „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“, რომელიც სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ კულტურის სფეროში გასატარებელი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისთვის წინადადებებს და რეკომედაციებს მოიცავს.
როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხდებაშია ნათქვამი, კულტურის სფერო უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი და წარმატებული.
კრიზისი, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა ქართული კულტურა, უნდა დასრულდეს. საჭიროა რეფორმები, სფეროს დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივები, სახელოვნებო ინტიტუციების მდგრადობის სტიმულირება და, სწორედ კულტურით, ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაზრდა.
ამავდროულად, „ძლიერი საქართველო“ მზადყოფნას გამოთქვამს, უახლოეს მომავალში შეხვედრა გამართოს დეკლარაციაზე ხელმომწერ ხელოვანებთან და, ქართული კულტურის სფეროს ინტერესებიდან გამომდინარე, მჭიდროდ ითანამშრომლოს სახელოვნებო სფეროს ყველა წარმომადგენელთან, დარგობრივ ჯგუფთან სფეროში არსებული გამოწვევების ეფექტური გადაჭრის გზების შესამუშავებლად და აღსრულების მექანიზმების დასანერგად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებეთ, რომ ინიციატივა “კულტურა დემოკრატიისთვის” საქართველოს კულტურის დეკლარაციას” აქვეყნებს. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კულტურის განვითარების ხედვას, ძირითად პრინციპებს და აუცილებლად განსახორციელებელი რეფორმების აღწერას.
ინიციატივა “კულტურა დემოკრატიისთვის” დეკლარაციას გასათვალისწინებლად სთავაზობს ყველა სამოქალაქო და პოლიტიკურ ერთეულს, ვინც იბრძვის საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად, ვინც იცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ევროინტეგრაციის პროცესს. ინიციატივის წევრები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამებში გაითვალისწინებენ პროფესიონალთა მიერ ფორმირებულ კულტურის ხედვას და რეფორმების პროგრამას.
დეკლარაციაზე ხელმოწერისა და თანამშრომლობის მზაობა უკვე გამოთქვეს პოლიტიკურმა გაერთიანებებმა - “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა”, "ერთიანობა" და “ძლიერი საქართველო”. ამ ეტაპზე ველით საჯარო დადასტურებას და სამუშაო პროცესის დაწყებას ამ და სხვა ერთობებისგან.
ინიციატივა “კულტურა დემოკრატიისთვის” ამ ეტაპისთვის აერთიანებს 120 აქტიურ წევრს, ისინი არიან კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების დიდი გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები. თანამოაზრეების წრის გაფართოება გრძელდება. უახლოეს მომავალში ინიციატივაში გაწევრიანების შეთავაზებას მიიღებენ კულტურის სფეროს სხვადასხვა ჯგუფები და ინდივიდები“,- ნათქვამია დოკუმენტში.