მან მოახერხა და საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვია - ერემაძე რუსულ კანონზე

29.08.24 16:16
მან მოახერხა და საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვია - ერემაძე რუსულ კანონზე

საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე სექტორის ინტერესების დამცველი, ქეთევან ერემაძე აცხადებს, რომ დღეს განიხილება საქმე, რომელმაც საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვია და არაფერი ღირებული არ შეუქმნია.

ერემაძის მტკიცებით, რუსული კანონი კრიტიკული აზრის ჩახშობაზეა ორიენტირებული. 

დღეს თქვენ იხილავთ საქმეს, რომელიც შეეხება იმ სახელმწიფოს, ხალხს და საზოგადოებას, რომელიც მორიგ ჯერზე აღმოჩნდა ცივილიზაციური არჩევანის გზაგასაყარზე. ჩვენი იდენტობა, ისტორია, ტრადიციები, კულტურა, სამართალი, დემოკრატია, თუნდაც ისეთი, როგორიც არის – ჯერჯერობით საკმაოდ მყიფე და არასრულყოფილი. ეს სიკეთეები დადგა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და შეიძლება არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ნამდვილად არის ეს კანონი.

ამ კანონმა არაფერი ღირებული არ შექმნა, ის არ ემსახურება ამ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს, სამაგიეროდ კი, მან მოახერხა და გამოიწვია საზოგადოებაში დაპირისპირება. ეს კანონი არის და კიდევ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი გახდება ძალაუფლების მპყრობელთათვის, მათდამი კრიტიკული და ამ ნიშნით მათთვის მიუღებელი საზოგადოების ნაწილის: არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიების, ცალკეული პირებისგან შექმნას მტრის ხატი, მიაკეროს მათ უცხო ძალის ინტერესების გამტარის და მაშასადამე, აგენტის, ჯაშუშის იარლიყი და საზოგადოების სამიზნედ აქციოს. ეს კანონი კრიტიკული აზრის ჩახშობაზე ორიენტირებულია. ჩვენი ამოცანაა, ასეთი შეუქცევადად მძიმე შედეგების თავიდან აცილება შევძლოთ”,- განაცხადა ერემაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა მიმდინარეობს - პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს.