მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება - აშშ-ს საელჩოს განცხადება
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება" - აშშ-ს საელჩო რუსეთ-საქართელოს აგვისტოს ომიდან 13 წლის თავზე განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში იმ პრობლემებზეა საუბარი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ბორდერიზაციის შედეგად შეექმნათ. აშშ-ს საელჩო რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად შეტანის საშუალებას ითხოვს.
რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა, მათ შორის ბორდერიზაციამ და საქართველოს მოქალაქეების დაკავებამ უკიდურესი გასაჭირი მოიტანა. ოკუპაციით გამოწვეული ადამიანური პრობლემები განსაკუთრებით გამძაფრდა COVID-19 გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის არსებულმა შეზღუდვამ არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა, და ეს უნდა დასრულდეს. მოქალაქეები, რომლებიც ახლა დაკავებული ჰყავთ საოკუპაციო ძალებს, უპირობოდ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.
ჩვენ კვლავ გამოვთქვამთ მხარდაჭერას ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მიმართ და აღვნიშნავთ, რომ გალის IPRM-ი მეტისმეტად დიდი ხანია, რაც შეჩერებულია და ის უნდა განახლდეს.
2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით რუსეთის ვალდებულებები ცხადია: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. აუცილებელია, რომ ასობით ათასმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლოს სახლში მშვიდობით და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოში ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ მტკიცეა. ჩვენ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვუერთდებით მათ მოწოდებას, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად გახლეჩილი საზოგადოებები კვლავ გაერთიანდნენ, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.