ბორელი: სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება
"სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება" - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს და დისკუსია მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ ქმედებებსა და განცხადებებსაც შეეხო.
ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება, სადაც სულ უფრო მეტად გვაშფოთებს ამ ქვეყნის ტრაექტორია, რომელიც ევროკავშირს შორდება", - თქვა ბორელმა.
რუსული კანონის გამო "ოცნებას" მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა ევროკავშირიდან უკვე დაუანონსეს. ევროგაერთიანების ლიდერები უკვე აქტიურად მსჯელობენ, რომ ივანიშვილის გუნდს მძიმე პასუხი გასცენ არა მხოლოდ რეპრესიული კანონის გამო, არამედ პარტიების აკრძალვასა და დიქტატურაზე, რომელსაც "ოცნება" ქართველ ხალხს ჰპირდება. დახურულ კარს მიღმა გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგად გავიგეთ, რომ განიხილება სანქციები.
მათ შორის, შეზღუდვების დაწესებისთვის ემზადებიან ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები. ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო არ არის გამორციხული, ევროპულმა სახელმწიფოებმა "ოცნების" ლიდერებისთვის სავიზო შეზღუდვის შესახებ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღონ. ანუ, ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ოლიგარქის რეჟიმის წარმომადგენლები შესაძლოა, ვეღარადროს ჩავიდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნება. ევროკავშირში მსჯელობენ ფინანსურ სანქციებზეც.