ღიად ხდება უცხო მთავრობების მხრიდან ოპოზიციის დაფინანსება, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეში ჩარევაა - კალაძე
თბილისის მერი, კახა კალაძე ხელისუფლების ოპონენტებს თავს ესხმის - "ქართული ოცნების" წევრი ამტკიცებს, რომ მესამე სექტორსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი არ არსებობს და ისინი უცხო მთავრობების მხრიდან ფინანსდებიან.
"ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეში ჩარევა" - ირწმუნება რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი და ამტკიცებს, რომ "უცხო ძალების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციასთან ერთად აგიტაციის პროცესში მონაწილეობენ".
კახა კალაძე იმასაც ამბობს, რომ "გარედან მართული ძალების ამოცანა საქართველოს გამოყენებაა საკუთარი ინტერესების გასატარებლად, რაზეც მმართველ პარტიას რეაგირება აუცილებლად ექნება".
უკვე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია. სამწუხაროა, რომ უკვე ღიად ხდება უცხო მთავრობების მხრიდან ოპოზიციის დაფინანსება. ეს ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეში ჩარევა, რაც ძალიან მძიმეა. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოჰყვება ყოველთვის რეაგირება. თანამედროვე სამყაროს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება რეალურად, ვინ არიან კონკრეტული ქვეყნები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობენ, აგიტაციასა და საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები.
შეიძლება დაყოფილები იყვნენ და სხვადასხვა დაჯგუფებად მოევლინონ საზოგადოებას, თუმცა ყველამ კარგად იცის ვინ რას წარმოადგენს, ვის რა წარსული აქვს, რით იყო დაკავებული. მათ ყველას ერთი პატრონი ჰყავს. ყველა იმართება გარედან და მათი მთავარი ამოცანაა საქართველოს გამოყენება მოხდეს კონკრეტული გარე ქვეყნების ინტერესების გასატარებლად",- განაცხადა კალაძემ.