"ამერიკის ხმა" - სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას

30.08.24 12:45
"ამერიკის ხმა" - სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი "ქართული ოცნების" მუქარას, ოპოზიციური სპექტრის აკრძალვასთან დაკავშირებით, განცხადებით პასუხობს და აცხადებს, რომ "შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით".

მეთიუ მილერი "ამერიკის ხმასთან" გაგზავნილ წერილობით პასუხში იმასაც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ქართველი ხალხის მისწრაფებებსა და ევროინტეგრაციის პროცესს ეწინააღმდეგება. 

სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას  და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.

ამასთან, მეთიუ მილერი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, ბრალდებები, რომ შტატები საქართველოში ე.წ. ფერად რევოლუციას გეგმავს, მცდარია

როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის მიერ დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს, ევროინტეგრაციის შესახებ და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს კრიტიკოსების დემონიზაცია და განსხვავებული აზრის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად, საქართველოს ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს. ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. კრემლმა მოაწყო 2008 წლის შეჭრა და დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. [კრემლი] აგრძელებს სასტიკ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - აცხადებს მეთიუ მილერი, "ამერიკის ხმის" კითხვაზე გაცემულ, წერილობით პასუხში.