მოსამართლეებს ძალიან მარტივი არჩევანი აქვთ გასაკეთებელი: ირჩევენ ევროპულ მომავალს, თუ რუსეთს - ჯაფარიძე
"საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის განმავლობაში ყველაზე რთულ დღეს მოსამართლეებს ძალიან მარტივი არჩევანი აქვთ გასაკეთებელი - ირჩევენ ევროპულ მომავალს, თუ რუსეთს" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსული კანონი სულ უფრო მეტ ზიანს აყენებს მოქალაქეებს, რისი დასტურიც ფონდი "სიკეთის რევოლუციის" გაუქმებაა.
ამ შენობაში [საკონსტიტუციო სასამართლო] წყდება საქართველოს მოქალაქეების ბედი. კანონი, რომლის გაუქმებაზეც მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ზიანს აყენებს მოქალაქეებს. გახდა ცნობილი, რომ ფონდი, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტებით ეხმარებოდა, "რუსული კანონის" გამო ფუნქციონირებას წყვეტს. ძალიან ბევრი მსგავსი ორგანიზაცია არის საფრთხის ქვეშ "რუსული კანონის" ამოქმედების გამო. მალე გავიგებთ ყველა - საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენი მოქალაქეების გვერდით დგას თუ არა. საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის განმავლობაში ყველაზე რთულ დღეს მოსამართლეებს ძალიან მარტივი არჩევანი აქვთ გასაკეთებელი. ირჩევენ ევროპულ მომავალს, თუ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ისეთი ქვეყნების ალიანსში, როგორებიცაა: რუსეთი, ბელორუსი, ვენესუელა და ა.შ. საჭიროა "რუსული კანონის" დაუყოვნებლივ შეჩერება. საქართველო უნდა დაბრუნდეს აღმშენებლობის იმ ტემპში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მის გუნდთან ერთად შემოიტანა. იმიტომ ვირჩევთ ევროპას, რომ წარმატებულ პროექტებს ხელოვნურად შექმნილი ბარიერით არ ებრძვიან. ევროპაში პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავთ და ხელისუფლება ხალხზე ზრუნავს. "რუსული კანონი" აუცილებლად შეწყვეტს ფუნქციონირებასა და მოქმედებას. ეს კარგი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით მოხდეს, თუმცა ამის მოლოდინი არ მაქვს. 26 ოქტომბრის შემდეგ ამ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი მიიღებს, როცა "რუსულ ხელისუფლებას" გაისტუმრებს სახლში", - განაცხადა ჯაფარიძემ.