ბორელი თავისი განცხადებით სცოდავს - ვოლსკი

30.08.24 15:52
ბორელი თავისი განცხადებით სცოდავს - ვოლსკი

ბორელი თავისი განცხადებით სცოდავს, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ევროკავშირს სულ უფრო შორდება. 

სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ბორელი კოლექტიური ნაცმოძრაობის" გავლენის ქვეშაა. 

ბორელი თავისი განცხადებით სცოდავს, ვინაიდან არასწორ ინფორმაციას აწვდის ევროპელ საზოგადოებას და რაც მთავარია, ქართულ საზოგადოებას. ერთი, არსებობს კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი ემოციები არ უნდა გადადიოდეს ბატონი ბორელის ემოციაზე. გადახედოს რეიტინგებს და აქედან გამოიტანოს დასკვნა, - ამბობს ვოლსკი. 

რუსული კანონის გამო "ოცნებას" მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა ევროკავშირიდან დაუანონსეს. ევროგაერთიანების ლიდერები უკვე აქტიურად მსჯელობენ, ივანიშვილის გუნდს მძიმე პასუხი გასცენ არა მხოლოდ რეპრესიული კანონის გამო, არამედ პარტიების აკრძალვასა და დიქტატურაზე, რომელსაც "ოცნება" ქართველ ხალხს უანონსებს.

შეზღუდვების დაწესებისთვის ემზადებიან ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიც. არ არის გამორციხული, ევროპულმა სახელმწიფოებმა "ოცნების" ლიდერებისთვის სავიზო შეზღუდვის შესახებ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღონ. ევროკავშირში მსჯელობენ ფინანსურ სანქციებზეც.

 ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე  ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული კავშირი საქართველოს ტრაექტორიით შეშფოთებულია.