სხვის თვალში პატარა ხიჭვების აღმოჩენას, საკუთარ დირეებს მიხედონ - ბექა ოდიშარია პარტნიორებზე

30.08.24 15:59
სხვის თვალში პატარა ხიჭვების აღმოჩენას, საკუთარ დირეებს მიხედონ - ბექა ოდიშარია პარტნიორებზე

სახელისუფლებო გუნდის წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ევროპელი პარტნიორები შეცდომაში არიან შეყვანილები და ისინი ძალიან მალე საკუთარ პოზიციებს გადახედავენ. მმართველი გუნდის წევრი პარტნიორებს ურჩევს, "ოცნების" თვალში "პატარა ხიჭვების" დანახვას, საკუთარ დირეებს მიხედონ. 

ჩვენ ერთადერთი რაც გვსურს, რომ არ არყიოს უცხო ფულმა ქართული პოლიტიკა, არ დააზიანოს ქართელი ხალხის თავისუფალი არჩევანი და თუ ამის გულისთვის გვაკრიტიკებენ და ამის გულისთვის სანქციებს დაგვიწესებენ, მერწმუნეთ, ისინი ძალიან მალე ამ პოზიციებს გადასინჯავენ, იმიტომ, რომ არ შეიძლება, უსამართლობა გრძელდებოდეს განუწყვეტლივ, განუსაზღვრელად, მათ შორის, სხვის თვალში ამ პატარ ხიჭვების აღმოჩენას, საკუთარ თვალებში და საკუთარ ორგანიზაციებში და საკუთარ ქვეყნებში, სჯობია, დირეები მოაცილონ, რაც აქვთ და რაც მათ ძალიან მძიმედ აწევთ, - ამბობს ბექა ოდიშარია. 

რუსული კანონის გამო "ოცნებას" მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა ევროკავშირიდან დაუანონსეს. ევროგაერთიანების ლიდერები უკვე აქტიურად მსჯელობენ, ივანიშვილის გუნდს მძიმე პასუხი გასცენ არა მხოლოდ რეპრესიული კანონის გამო, არამედ პარტიების აკრძალვასა და დიქტატურაზე, რომელსაც "ოცნება" ქართველ ხალხს უანონსებს.

შეზღუდვების დაწესებისთვის ემზადებიან ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიც. არ არის გამორციხული, ევროპულმა სახელმწიფოებმა "ოცნების" ლიდერებისთვის სავიზო შეზღუდვის შესახებ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღონ. ევროკავშირში მსჯელობენ ფინანსურ სანქციებზეც.

 ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე  ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული კავშირი საქართველოს ტრაექტორიით შეშფოთებულია.