“ქართული ოცნების“ გზა არის, გზა იზოლაციისკენ. ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ“ - ვაშაძე
“ არჩევანი, რომელიც გვაქვს ეს არის კეთილდღეობა ევროპაში თუ უკიდურესი გაჭირვება, უკიდურესი სიღარიბე იზოლაციაში. “ ქართული ოცნების“ გზა არის, გზა იზოლაციისკენ. ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ,“ - ამის შესახებ "ერთიანობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ იმ უსამართლო ქვეყანაში, სადაც “ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივად განდევნა ქართველები საქართველოდან.
ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, განვითარებული მთით, განვითარებული სოფლით, განვითარებული ოჯახებით, რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ის განათლება, რომელიც ევროპაშია ხელმისაწვდომი.
რათა სოფლის მეურნეობა იყოს განვითარებული ისე, როგორც ევროპაშია და აქ სანამ ეს შეხვედრა დავიწყეთ ამაზე ვსაუბრობდით, რომ საქართველოში არ უნდა იყოს არც ერთი ოჯახი, რომელსაც უჭირს, რომ პენსიონერს ჰქონდეს ღირსეული პენსია, რომ ახალგაზრდა, რომელიც ჯანღონით სავსეა არ იყოს უმუშევარი და არ ეძებდეს თავის სარჩო-საბადებელს უცხოეთში.
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ იმ უსამართლო ქვეყანაში, სადაც “ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივად განდევნა ქართველები საქართველოდან. ყველაზე მეტი ჩვენი თანამემამულე უცხოეთშია წასული. რამდენი ადამიანი, რამდენი თქვენი ოჯახის წევრი ყოველდღე თურქეთში გადადის იმიტომ, რომ წამლები იყიდოს. იმიტომ, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები იყიდოს. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი უკიდურესად ძვირია აქ. რატოა ძვირი? იმიტომ, რომ “ ქართულმა ოცნებამ” ხარკი დაადო ყველაფერს, ფაქტობრივად მონოპოლიები შექმნა. პროდუქტები გააძვირა, ყველაფერი არის მათთვის, არაფერი არ არის ხალხისთვის. ელიტა მდიდრდება, ხალხი ღარიბდება და აი ეს უსამართლობა უნდა დავამარცხოთ ჩვენ 26 ოქტომბერს ყველამ ერთად.
ევროკავშირი მე მინდა იმიტომ, რომ ჩემი სამი შვილი ღირსეულად, ამაყად იზრდებოდეს ჩვენს ქვეყანაში. ევროკავშირი გვინდა იმიტომ, რომ აი ამ ბავშვებს ჰქონდეთ კარგი მომავალი. ევროკავშირი გვინდა იმიტომ, რომ დღეს საპენსიო ასაკის ადამიანებმაც ნახონ რა არის ბედნიერი ცხოვრება. და ხალხს ეს ნორმალური ცხოვრება მოესწროს. ევროკავშირში გვინდა იმიტომ, რომ 14 მლრდ ევრო ხალხო, 14 მლრდ ევრო საქართველოსთვის არის გამზადებული და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ ეს და ამას ეღობება ივანიშვილი და “ ქართული ოცნება” იმიტომ, რომ მათ ეს14 მლრდ არ აინტერესებთ.
თავისთვის ეს მილიარდები აქვთ, მაგრამ იმ მილიარდებს, რომელსაც მოყვება ეს კონტროლი, რომ ხალხისთვის უნდა დაიხარჯოს, ოჯახებში უნდა შევიდეს, სოფლის მეურნეობა განვითარდეს, ქალაქი და სოფელი ფეხზე დადგეს, ეს მილიარდები მათ არ აინტერესებთ. ამიტომ არის ეს ისტორიული არჩევანი, განვითარება და ევროკავშირი ან სიღატაკე და იზოლაცია. ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს და ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი” - ამბობს გიორგი ვაშაძე