"დღეს მოპასუხე მხარეს, ჩვენი სპეციალისტი გააგებინებს, რომ უცხო ნამდვილად არის უცხო" - რუსული კანონის განხილვა დასკვნით ეტაპზეა

31.08.24 11:01
"დღეს მოპასუხე მხარეს, ჩვენი სპეციალისტი გააგებინებს, რომ უცხო ნამდვილად არის უცხო" - რუსული კანონის განხილვა დასკვნით ეტაპზეა

გადამწყვეტი წუთების ათვლა დაწყებულია - რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზე გადის.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, არ იყოს იმედისმომცემი, მაგრამ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას, მოწვეული გვყავს სპეციალისტი, რომელიც მეცნიერულად აუხსნის
დეპუტატებს, რომ უცხო ნიშნავს უცხოს", - ამის შესახებ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

"ჩვენ ვხედავთ, როგორ იბრძვის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იმისათვის, რომ საქართველო დაადგეს რუსეთის გზას. ჩვენთვის ძალიან მძიმეა იმის ყურება, როგორ აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოც კი, პროცესუალურად არაუფლებამოსილ პირს უფლებას, გამოხატოს თავისი პოზიცია კანონის დასაშვებობასთან დაკავშირებით, წარმოებასთან, შეჩერებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, არ იყოს იმედისმომცემი, მაგრამ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი სპეციალისტი, მოწვეული წარმომადგენელი, მეცნიერულად აუხსნის საქართველოს პარლამენტის წევრებს იმას, რომ უცხო ნამდვილად არის "უცხო". ასევე იმას, რომ ამ კანონში არის მასტიგმატიზირებელი ტერმინოლოგიები და ამ ტერმინოლოგიით კანონის შემოღებამ, შესაძლოა, შეუქცევადი ზიანი მოიტანოს. იმედი მაქვს, რომ ამ მეცნიერულ მოსაზრებებს კონსტიტუციური სასამართლო სხდომაზე ყურადღებით მოეკიდება", - განაცხადა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ.

შეაჩერებს თუ არა საბოლოო ვერდიქტამდე პლენუმი რუსული კანონის მოქმედებას, შესაძლოა, რამდენიმე საათში გაირკვეს, რადგან კონსტიტუციური სარჩელის ღია მოსმენა თითქმის დასრულდა, მოსარჩელეებმა და მოპასუხეებმა საკუთარი საბოლოო სიტყვები პროცესზე ორდღიანი ხმაურიანი განხილვის დროს უკვე თქვეს.

წუთი-წუთზე კი სხდომა ბოლო მოწმის გამოკითხვით გაიხსნება. ის მარინა ბერიძეა, ლინგვისტი, რომლის ჩასმაც მოწმეთა სიაში მოსარჩლეებმა მოითხოვეს.