26 ოქტომბერს არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს - კობახიძე
ისევ ომი და მშვიდობა - სწორედ ეს იყო დღეს ოზურგეთში პრემიერ კობახიძის მთავარი სათქმელი გურულებისთვის.
"26 ოქტომბერს არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს" - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა პარტიულ ღონისძიებაზე.
კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ის, რაც არაერთგზის ითქვა. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, მორალურ დაცემასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.
ქვეყანას 9 წლის მანძილზე მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ეს დანაშაულები იყო ავტორიტარიზმის დამყარება, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების დროებით დაკარგვა. სამწუხაროდ, ამ დანაშაულებზე დღემდე არ აუღიათ პასუხისმგებლობა იმ გარე ძალებს, რომლებმაც 2003 წელს ძალაუფლება უცხოურ აგენტურას ჩააბარეს.
და ახლა, იგივე ძალები გვეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში ეს ანტიევროპული პოლიტიკური ძალა, უცხოური აგენტურა დაბრუნდება. ვინც ერთმანეთთან აიგივებს ევროპას და ადამიანების მკვლელობას, ევროპას და ადამიანების წამებას, ევროპას და ბიზნესის რეკეტს, ევროპას და ტელევიზიების მიტაცებას, ევროპას და არჩევნების გაყალბებას, ევროპას და ომს, მათ არაფერი აქვთ საერთო სინამდვილეში ევროპასთან, ყველა არის ომის პარტიის წარმომადგენელი და მათ ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს აუცილებლად საკადრის პასუხს გასცემს", - განაცხადა კობახიძემ.
ასევე ისაუბრა საარჩევნო პროგრამაზე და თქვა, რომ "ოცნების" პროგრამა ამბიციური იქნება.
„1-ელ ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას. ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც ერთდროულად იქნება ამბიციურიც და განხორციელებადიც. ჩვენი საარჩევნო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს წინსვლა ყველა მიმართულებით: დაწყებული ეკონომიკური ზრდით და დამთავრებული ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებით.
ყოველგვარი განვითარება შეუძლებელია თუ არ გვექნება მშვიდობა და სიმშვიდე ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.