ივანიშვილი ისევ "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებით იმუქრება

31.08.24 18:43
ივანიშვილი ისევ "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებით იმუქრება

2008 წლის ომზე "ნაციონალური მოძრაობა" არის დამნაშავე - ამის შესახებ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში განაცხადა.

ივანიშვილი ისევ "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებით და მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტის გაქრობით იმუქრება.

პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო! - თქვა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიღწეული მთელი რიგი წარმატებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ და მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს.

გურულებს მშვიდობის ფასი არ გესწავლებათ.

მშვიდობის მნიშვნელობა მკაფიოდ დაგვანახა საქართველოს უახლესმა წარსულმაც, იმ ტრაგიკულმა მოვლენებმა, რაც ჩვენს სამშობლოში 90-იან წლებში დატრიალდა და 2008 წლის ომმა, დანაშაულმა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი!

ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა საქართველოში, რომელმაც, ურთულეს ვითარებაში, ქვეყანას 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა!

ყველა, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ერთხმად ვთანხმდებით, რომ დღეს, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც საქართველო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თუმცა, ფაქტია, საქართველოში დღეს ჯერ კიდევ თავისუფლად საქმიანობენ რადიკალური ძალები, უფრო კონკრეტულად კი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არათუ მშვიდობა არ სურს ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო, როგორმე, სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს.

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სამსახურში დგას და ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა.

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ძალა და მისთვის დავალების მიმცემები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ!

დარწმუნებული ვარ, კრიტიკული აზროვნებით გამორჩეული გურულები ამას თავადაც კარგად ხედავთ.

დამეთანხმებით, რომ მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში ცხოვრება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას აფერხებს.

ამიტომაც, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს  რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. და არათუ უნდა დასრულდეს, დღის წესრიგში უნდა დადგეს რეჟიმის გასამართლების საკითხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის, რაც მათ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს და რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი დაგვაკარგვინა. პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო!

სხვაგვარად შეუძლებელია!"- განაცხადა ივანიშვილმა.