როგორც არ უნდა ეცადოს "ოცნება" სიმრავლის და ძალის დემონსტრირებას, ეს ხელისუფლების ცვლილებას ვერ შეაჩერებს - საბა ბუაძე
"ძლიერი საქართველოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ოზურგეთში ივანიშვილის მოსასმენად საჯარო მოხელეები და მოქალაქეები იძულებით მიიყვანეს. მისი თქმით, "ოცნება" ახლა ძალის და სიმრავლის დემონსტრირებას ცდილობს, თუმცა ცხადია, რომ საზოგადოებისთვის პუტინის რუსეთის დავალებების შემსრულებელი ხელისუფლება მიუღებელია.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ყველა შეკრება დაკავშირებულია ადამიანებზე უდიდეს ზეწოლასთან, ადამიანების მოტყუებასთან, ფულით მოყვანასთან, 26 ოქტომბერს ეს ვერ შეაჩერებს ხელისუფლების ცვლილებას, იმიტომ, რომ რეალური მხარდაჭერა ამ ძალას აღარ გააჩნია, შესაბამისად, როგორც არ უნდა ეცადოს ადამიანის ამ თავშეყრის ადგილებში მოყვანას და რაღაც სიმრავლის და ძალის დემონსტრირებას, ყველა კარგად ხედავს, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია პუტინის რუსეთის დავალებების შემსრულებელი ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, სწორედ ის ხალხი მისცემს ხმას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომლებიც ძალით დაჰყავთ ამ ღონისძიებებზე, - ამბობს საბა ბუაძე.
გუშინ ტყვიაგაუმბარი ბარიერით დაცული ბიძინა ივანიშვილის მოსასმენად ოზურგეთში მიკროავტობუსით მიიყვანეს პედაგოგები, ბაღის თანამშრომლები, მეეეზოვეები, მესაფლავეები და საჯარო უწყებების თანამშრომლები.